საშემსრულებლო ხელოვნება

ფრედი მერკური – სუპერვარსკვლავი, რომელიც კატებს აღმერთებდა [ფოტო]

ბევრი ადამიანი გააოცა იმ ფაქტმა, რომ მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პიროვნებამ, კარლ ლაგერფილდმა საკუთარი ქონება თავის კატას დაუტოვა. თუმცა, ეს კატებისა და მეგავარსკვლავების ურთერთობის ისტორიაში პირველი პრეცედენტი როდია. მიუხედავად ამ ფაქტის დაუდასტურებლობისა, სწორედ ასე მოიქცა ლეგენდარული როკ ვარსკვლავი, ფრედი მერკურიც. ფრედი მერკურის სიცოცხლის დასასრულზე ბევრს კამათობენ, თუმცა ერთი რამ ცხადია – მას კატები ძალიან უყვარდა.

როგორც მერკურის ახლო ადამიანები ჰყვებიან, მისი კატებისადმი განსაკუთრებული სიყვარული 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც მისმა შეყვარებულმა, მერი ოსტინმა სახლში ორი კატა, ტომი და ჯერი, მიიყვანა. არაერთი ბიოგრაფი ახსენებს როკ–ვარსკვლავის განსაკუთრებულ მზრუნველობას საკუთარი ცხოველების მიმართ. როგორც პერსონალური ასისტენტი პიტერ ფრისტოუნი იხსენებს, როდესაც ფრედი Queen-თან ერთად ტურში მიდიოდა, ის ხშირად ურეკდა ოსტინს, რათა გაერკვია მის არ ყოფნაში ვინ უვლიდა საყვარელ კატებს.

“როდესაც სახლში სასტუმროდან დარეკავდა, აუცილებლად ითხოვდა კატებთან დალაპარაკებას. “მერის კატები ყურმილთან მიჰყავდა, რათა ფრედის ხმა გაეგოთ. ეს წლების მანძილზე მეორდებოდა, კატებს მისი სახლი ოკუპირებული ჰქონდათ”. – იხსენებს ფრისტოუნი საკუთარ მემუარში “ფრედი მერკური”. 

წლების განმავლობაში არაერთი კატა შეემატა ფრედის ცხოველთა ოჯახს. ბოლოს, მას ათი კატა ჰყავდა: ტიფანი, დოროთი, დელაილა, გოლიათი, ლილი, მიკო, ოსკარი, რომეო, ტომი და ჯერი.

დაკავშირებული სურათი

ჯეკი სმიტი, Queen-ის ოფიციალური ფანკლუბის 21 წლის ლიდერი, იხსენებს: “მათი უმრავლესობა თავშესაფრიდან იყო. დიდ ბრიტანეთში არსებობს საქველმოქმედო ცენტრიც “ლურჯი ჯვარი”, რომელიც ავადმყოფ ცხოველებზე ზრუნავს. ფრედიმ, მინიმუმ, ორი კატა სწორედ ამ ორგანიზაციიდან მოიყვანა”.

რაც მთავარია, სხვა კატის სხვა მოყვარულებისგან განსხვავებით, მან საყვარელ კატებს არაერთი სიმღერა მიუძღვნა. Queen-ის ცნობილი ალბომიდან “Innuendo” ერთ-ერთ სიმღერას მისი კატის სახელი “დელაილა” ჰქვია. რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს სახელი რომელიმე ქალბატონს მიემართებოდეს, მაგრამ რამდენჯერმე მოსმენის შემდეგ შეამჩნევთ, რომ მომღერალიცა და ბენდიც საკმაოდ მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ საუბარი ნამდვილად ცხოველზეა. პირველ რიგში, ამაზე მეტყველებს ნაწყვეტი სიმღერის ტექსტიდან: “ყველგან აფსამს”. ამასთანავე, ბრაიან მეის გიტარის სოლოს მონაკვეთები ძალიან წააგავს “მიაუ”-ს.

კომენტარები

კომენტარი