კინო

მიხეილ ხიდურელი: “ვულოცავ ყველას, ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში”

“ვულოცავ ყველას, ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში”, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი „ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილის გადაღებების დაწყებასთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს.

„პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში დახარჯული 32 მილიონ ლარზე მეტი – ადგილობრივი სერვისების შეძენა, აღჭურვილობის დაქირავება, სასტუმროს ხარჯები, ხელფასები ადგილობრივად დასაქმებულებს, ტრანპორტის დაქირავება, ბაზირება (ექსპო ჯორჯია აქვთ აღებული 5 კვირით);

მეორე, ეს არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის, ვიღებთ ქვეყნის Placement-ს მსოფლიო ბლოგბასტერში, უფასოდ.

მესამე, ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა.

რაც შეეხება cash rebate-ს, ჩვენი პროგრამის “გადაიღე საქართველოში” თანახმად, დახარჯული ,კვალიფიციური თანხის 20-25 % კინომწარმოებელ კომპანიას უბრუნდება უკან და რეალურად გადასახადის დაქვითვის ხარჯზე ხდება. ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მექანიზმი და ბევრ ქვეყანაში უკვე იქცა კიდეც ეკონომიკის წამყვან ინდუსტრიად. აღარაფერს ვამბობ იმ უდიდეს გამოცდილებაზე, რასაც ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ აღიშნული პროექტში მონაწილეობის შედეგად.

მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზე #გადაიღესაქართველოში”- წერს ხიდურელი.

თბილისში ჰოლივუდური ბლოკბასტერის “ფორსაჟი 9” გადაღებები დღეს დაიწყო. დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

„ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.

ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures−ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი