ლიტერატურა

ჟოზე სარამაგუს რომანი “სპილოს მოგზაურობა” ქართულად ითარგმნა

პორტუგალიელი მწერლის, ჟოზე სარამაგუს რომანი “სპილოს მოგზაურობა” ქართულად ითარგმნა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთარგმნელმა მიხეილ ანთაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაავრცელა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წიგნს “სულაკაურის გამომცემლობა” გამოსცემს.

“ეს წუთია დიდი საქმე დავამთავრე – ვთარგმნე ჟოზე სარამაგუს რომანი “სპილოს მოგზაურობა”.

ეს ამ გენიალური პორტუგალიელი მწერლის მესამე რომანია, რომლის თარგმნაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დამიკვეთა.

აქამდე იყო “იესოს სახარება” და “კაენი”.

სპილო სოლომონთან და მის მომვლელ ინდოელ სუბრჰოსთან ერთად მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიმოგზაურე XVI საუკუნის ევროპაში ლისაბონიდან ვენაში – პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის და ავსტრიის გავლით. ისე მივეჩვიე, რომ ახლა აღარ ვიცი, რა ვაკეთო. თუმცა დღეს ხომ ფერისცვალებაა და რაიმე ახალი უნდა დაიწყოს ცხოვრებაში.” – წერს მიხეილ ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე სარამაგუ 1922 წელს, პორტუგალიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. მისი ოჯახი სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს. 2 წლის შემდეგ ისინი ლისაბონში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ჟოზეს მამამ პოლიციელად დაიწყო მუშაობა. წლების შემდეგ, ფინანსური მდგომარეობის გამო, ჟოზეს მოუწია პროფესიულ კოლეჯში სწავლა და სხვადასხვა დასაქმების ობიექტზე მუშაობა. 1947 წელს, როდესაც იგი 24 წლის იყო, გამოაქვეყნა პირველი ნოველა “ცოდვის მიწა”. 1953 წელს “ცის ნათება”. 1966 წელს მან გამოაქვეყნა პირველი პოემა “შესაძლო ლექსები”, 1977 წელს კი რომანი “ხატვისა და კალიგრაფიის სახელმძღვანელო”

1991 წელს დაიწერა ჟოზე სარამაგუს ყველაზე გახმაურებული წიგნი “იესოს სახარება”, რითიც მან პორტუგალიის მწერალთა ასოციაციის პრიზი მოიპოვა და წარადგინეს გაერთიანებული ევროპის სალიტერატურო კონკურსზე, მაგრამ პორტუგალიის მთავრობამ ეს წიგნი კონკურსიდან მოხსნა. მიზეზი კი ის იყო, რომ წიგნი კონსერვატიულ ელემენტებსა და ზეწოლას შეიცავდა კათოლიკურ ეკლესიაზე. მწერალმა ამ ფაქტზე განაცხდა, რომ ეს არ იყო გასასამართლებელი მიზეზი. ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. მისი თქმით, არცერთი მთავრობა არ გაამართლებდა ამ “ბარბაროსულ” ქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანს მთელი ვატიკანი აუმხედრდა, ლისაბონის კარდინალმა შემდეგი სიტყვები თქვა: “არ შეიძლება ნამდვილი მორწმუნე იყო და ამ რომანმა ქრისტე არ შეგაყვაროს.”

კომენტარები

კომენტარი