კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ჰარი სტაილსმა “პატარა ქალთევზაში” პრინცი ერიკის როლზე უარი თქვა

25 წლის ბრიტანელმა მომღერალმა და მსახიობმა, ჰარი სტაილსმა, რეჟისორ რობ მარშალის წინადადება არ მიიღო და Disney-ს ანიმაციური ფილმის, “პატარა ქალთევზას” რიმეიქში პრინცი ერიკის როლზე უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობთან მოლაპარაკებები ერთ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. რატომ თქვა მან უარი როლზე,!ჯერჯერობით უცნობია. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰარი სტაილსი ამ პროექტის დიდი გულშემატკივარია, თუმცა მასში მონაწილეობის გაგრძელებაზე თქვა უარი.

ახლა, კომპანია Disney პრინცის როლისთვის ახალ მსახიობს ეძებს. შეგახსენებთ, რომ ჰარი სტაილსის გარდა, ამ როლზე განიხილებოდნენ შემდეგი მსახიობები: კოულ სპროუსი, ასევე, მისი ძმა – დილანი, ზეინ მალიკი, კოდი ფერნი, ჯორდან ფიშერი, ჩარლზ მელტონი და სხვები.

“პატარა ქალთევზას” ადაპტაციაში არიელის როლს, როგორც იცით, ჰოლი ბეილი შეასრულებს, მისი ბოროტი მტრის, ურსულას როლში მელისა მაკარტს ვიხილავთ, არიელის მამის, მეფე ტრიტონის როლზე კი ესპანელი მსახიობი, ხავიერ ბარდემი განიხილება.

ფილმის რეჟისორი რობ მარშალია, მუსიკას კი ალან მენკენი და ლინ-მანუელ მირანდა დაწერენ.

“პატარა ქალთევზას” ახალი ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის Disney-ს 1989 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გავრცობილი ვარიანტი იქნება.

ანიმაციური ფილმი ეფუძნება დანიელი მწერლის, ჰანს კრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ზღაპარს. მასში მოთხრობილია ქალთევზა არიელზე, რომელსაც უყვარდება უფლისწული და ოცნებობს, ადამიანად იქცეს. 

კომენტარები

კომენტარი