კინო

IMDb-მ, ტრანსგენდერ მსახიობთა პროტესტის შემდეგ, შიდა პოლიტიკა შეცვალა

გამოცემა Variety-ს ცნობით, ამიერიდან, IMDb-ზე ტრანსგენდერ მსახიობთა დაბადების სახელები აღარ დაიწერება. ეს ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც ტრანსგენდერებმა და მათმა უფლებადამცველებმა საიტს უჩივლეს იმ მიზეზით, რომ იქ მსახიობთა ის სახელები იყო მითითებული, რომლებიც მათ სქესის შეცვლამდე ჰქონდათ.

“ახლა, IMDb-ზე წაიშლება ყველა სახელი, რომელიც არაა საქვეყნოდ ცნობილი და ადამიანებს არ სურთ ამ სახელით მოიხსენიებდნენ” – აღნიშნა საიტის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში, ჰოლივუდის პროფკავშირმა, SAG-AFTRA-მ, რომელშიც შედიან მსახიობები, ჟურნალისტები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, IMDb-ის უჩივლა. მიზეზი გახლავთ ის, რომ საიტზე ტრანსგენდერ მსახიობთა ის სახელები იყო მითითებული, რომლებიც მათ სქესის შეცვლამდე ჰქონდათ. SAG-AFTRA-ს ამ წამოწყებას აშშ-ის მრავალმა ლგბტ უფლებათა დამცველმა ფონდმა დაუჭირა მხარი.

“ტრანსგენდერი ადამიანების დაბადების სახელების გამჟღავნება, მათი ნებართვის გარეშე, პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა. ამან, შესაძლოა, დისკრიმინაციისა და ძალადობის რისკებიც გაზარდოს” – განაცხადა ერთ-ერთი ლგბტ უფლებათა დაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტრანსგენდერთა რეპრეზენტაციის საკითხებში, ნიკ ადამსმა.

აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერ მსახიობთა ძველი სახელებით მოხსენიება ერთადერთი მიზეზი არაა, რაზეც SAG-AFTRA IMDb-ის ედავება. ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა პროფკავშირი კანონის შემოღებას, რომელიც აკრძალავდა ასაკის მიხედვით დისკრიმინაციას. ისინი ახლაც ითხოვენ, რომ საიტიდან წაიშალოს ინფორმაცია მსახიობთა დაბადების თარიღებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი