კულტურა

უშგულში, პროტესტის ნიშნად, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

სვანეთში, უშგულში, პროტესტის ნიშნად, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. საზოგადოების პროტესტი სვანური კოშკების ნგრევაზე სახელმწიფო ორგანოების უყურადღებობამ გამოიწვია.

“მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ამ წუთებში, გზები გადაკეტეს უშგულში. მოსახლეობა დიდი პროტესტის გამართვას აპირებს.

“სამწუხაროდ, უშგულში, ორი წლის უკან მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის წინ. უშგულში, საგანგაშო მდგომარეობაში არის კოშკების და მაჩუბების 90%, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ. თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური,რითიც ჩვენ ვამაყობთ და რის გამოც ათი ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში…

თვალწინ გვენგრება ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია. 

მე ვტირი და მტკივა თითეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი., რომლებიც ჩემი ბავშობის და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია…

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ვისაც კი ჩვენი სამშობლო შეგტკივათ, დაგვიდეგით გვერდში!” – წერს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძეც გამოეხმაურა.

პირველ არხთან საუბრისას ანთიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეების პრეტენზიები მიუღებელია, რადგან სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„წლევანდელი წელი არის გარდამტეხი. წელს სახელმწიფო ბიუჯეტით დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესები. მხოლოდ წელს მიმდინარეობს 23 ძეგლის რეაბილიტაცია, რომელთა შორისაც არის კოშკები და მაჩუბები. წელს უკვე დაიწყო 30 ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელთა რეაბილიტაციაც მომავალ წელს დაიწყება. დღეის მონაცემებით, სააგენტოს მიერ მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებულია 160 პრობლემური ძეგლი. მათ მთლიან რეაბილიტაციას ვერც ადამიანური და ვერც ქვეყნის ფინანსური რესურსი ერთიანად ვერ გაწვდება. გვაქვს ხუთწლიანი გეგმა, რომ ეს ძეგლები ეტაპობრივად გაკეთდეს.

რაც შეეხება ჩარქსელიანების კოშკს, ჩამონგრევამდე ერთი დღით ადრე მოხდა პრობლემის შესწავლა. სააგენტომ იცოდა, რომ ძეგლს ჰქონდა პრობლემა და უნდა დაწყებულიყო სამუშაოები. ახლაც მიმდინარეობს მის საპროექტო გეგმაზე მუშაობა და ეს ძეგლი დაიბრუნებს თავის პირვანდელ სახეს. ამის მაგალითი არის წინა ჩამონგრეული კოშკი უშგულში, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საერთოდ მგონია, რომ დიდი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ძეგლების მოვლა-პატრონობაში ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ის რასაც ვაკეთებთ, რეალურად არ დაზიანდეს. თუ არ მოუვლიან, მხოლოდ რეაბილიტაცია ვერ უშველის. საერთოდ, ძალიან მიკვირს და ვერ ვიღებ ამ საპროტესტო აქციის შინაარსს, რადგან ბევრი რამე კეთდება სვანეთში, რაც რეალურად არ ჩანს. მთავარი არის ის, რომ ხაზს არ ვუხვევთ და რაც არის დაგეგმილი, რომელი პრობლემების შესახებაც ჩვენ ვიცით, ის პრობლემები ხუთ წელიწადში იქნება გადაჭრილი“, – აცხადებს ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი