კულტურა

ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარი: “ტაძრის იატაკი არ წარმოადგენს ისტორიულ მემკვიდრეობას, აქედან გამომდინარე, მარმარილოთი განახლდა”

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იღუმენი ეფრემი ამბობს, რომ ტაძრის იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს და მისი შეცვლის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს.

მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ არ ჩათვალეს საჭიროდ იატაკის ფენილისშეცვლის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

„ზოგადად, ეს ქვა, რომელიც იყო, დაგებულია 60-იან წლებში. ჩამოსხმული ბორდიურები არ წარმოადგენს ისტორიულ სიძველეს, არც ისტორიულ მემკვიდრეობას და აქედან გამომდინარე, ამის განახლება მოხდა მარმარილოთი, რომელიც ძვირფასი ქვაა.

რა თქმა უნდა, შეთანხმება ყოველთვის ხდება იერარქთან, მაგრამ ჩვენ დავაგეთ ეს და ჩვენი გადაწყვეტილება იყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის არ მიგვიმართავს, რადგან არ წარმოადგენდა ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშს. ეს იყო ძალიან ახლო, რაღაც 50 წლის წინ დაგებული დაზიანებული ქვები, რომლებიც ორმოებს და მტვრებს წარმოადგენდა. შეიცვალა უბრალოდ. არც ჩაგვითვლია საჭიროდ, რომ ეს რაღაც ნიმუში იყო ისტორიული ძეგლის, რომელიც ზიანდებოდა და ფუჭდებოდა. ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ იატაკი არ ვიცი, მგონი არ შედის, რადგან არ იყო ძველი“,- აღნიშნავს იღუმენი ეფრემი.

იღუმენი უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკლესიაში ზედამხედველობის თანამშრომლები არ შეუშვეს.

„ტყუილია. ისინი შემოვიდნენ, დაათვალიერეს, გამოთქვეს თავიანთი უკმაყოფილება, სურათებიც გადაიღეს და სწორედ მათ დადეს. ასე რომ, სიცრუეა, რომ არ შევუშვით“,- განაცხადა იღუმენმა.

იღუმენ ეფრემის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობის თანამშრომლებმა სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს, სამუშაოები მათ მაინც დაასრულეს.

ამასთან, მისივე განცხადებით, პირადად მას საპატრიარქოს წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხზე კონტაქტი არ ჰქონია.

იღუმენი ამბობს, რომ მეუფე იობმა უნდა გადაწყვიტოს, განახლდება სამუშაოები თუ მოხდება იატაკის ფენილის დემონტაჟი.

„ამას მღვდელმთავარი გადაწყვეტს. ეპარქიაში ის წყვეტს, რა გაკეთდეს, რა არ უნდა გაკეთდეს. მათთან შეათანხმონ. თუ მეუფის კურთხევა იქნება, რა თქმა უნდა, ეს შეიცვლება. მეუფემ უნდა გადაწყვიტოს განახლდება, თუ დემონტაჟი მოხდება“- განაცხადა იღუმენმა.

ტაძრის წინამძღვარი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან კომუნიკაცია უჭირთ.

„არავის ვუცხადებთ უნდობლობას. ყველას პატივს ვცემთ. უბრალოდ, ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც კონკრეტულად ეს ძვირადღირებული მარმარილოს ქვა შემოგვწირა. ზოგადად, ძალიან ძნელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ურთიერთობა. ეპარქიიდან წერილიც გაუგზავნიათ, დახმარებაც გვითხოვია, მაგრამ წლების მანძილზე იწელებოდა. აქედან გამომდინარე, უბრალოდ არ ჩავთვალეთ საჭიროდ და მორჩა“,- განაცხადა ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, იღუმენმა ეფრემმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს.

1tv.ge

კომენტარები

კომენტარი