Uncategorized

ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მაჩხომერის გორას შესწავლა მიმდინარეობს, აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება. გორაზე აღმოაჩინეს დიდი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც გალავნის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს, – ამის შესახებ imedinews-ი წერს.

არქეოლოგ რევაზ პაპუაშვილის ინფორმაციით, მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, ასევე აკლდამა რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს, გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.

არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეშიც. სადაც დიდ დიხაგუძუბაში ანტიკური ხანის ფენის და შუაბრინჯაოს ხანის ხის კონსტრუქციების შესწავლა მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას ანტიკური ხანის ხის სამლოცველო არსებობდა, რომელიც თიხით იყო გალესილი, შენობა ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურდა.

ამ ადგილზე აღმოჩენილია რკინის და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები, ქვის საფქვავების დეტალები, ქსოვისთვის გამოსაყენებელი ნივთები, მოპოვებულია საბერძნეთის სხვადასხვა ცენტრებიდან იმპორტიებული თიხის ნაწარმები. სიახლეს წარმოადგენს გათხრების შედეგად აღმოჩენილი იბერიული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც აქამდე კოლხეთის დაბლობზე აღმოჩენილი არ იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვანეს დიხაგუძუბა წარმოადგენს უნიკალურ, ძეგლს, სადაც თითქმის უწყვეტად წარმოდგენილია შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ადრეანტიკური და ელინისტური პერიოდების კოლხეთის ისტორიის ამსახველი არტეფაქტები.

არქეოლოგიური გათხრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ხობის მუნიციპალიტეტის და ზუგდიდის მერებთან ერთად დაათვალიერა. 

კომენტარები

კომენტარი