კულტურა

ქართული ენა Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირდება

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვა. ამ მიმართულებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელზე მუშაობა ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ქართული ენის ინტეგრირებასა გულისხმობს. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა Microsoft-ის ექსპერტთან განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტს, რომელიც შემოდგომიდან განხორციელდება და საშუალო და უმაღლესი განათლების მიმართულებით ხელმისაწვდომი გახდება.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის განათლების კომპონენტად შემოტანა. დღეისათვის დიდი კომპანიები ქართულ ენისთვის „ჩაკეტილია“ – სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა მაიკროსოფტთან. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართული ენა ინტეგრირდეს Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველოში განათლების სისტემაში გამოვიყენოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პლატფორმა.“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ქართული ენის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირება სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად დანერგვას შეუწყობს ხელს და ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.

კომენტარები

კომენტარი