კინო

იორდანიაში ქართული ფილმების ჩვენება მიმდინარეობს

იორდანიაში, ფილმების სამეფო კომისიის ორგანიზებით დაგეგმილ „კავკასიური ფილმების კვირეულის“ ფარგლებში, 4 აგვისტოს აჩვენეს ქართული ფილმი „საშიში დედა“. 6 აგვისტოს კი “ნამეს” ჩვენებაა დაგეგმილი.

ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამე“ სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება და ის მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამესა და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს.

ნამე ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგოა, რომელიც სოფელში ყველა გაჭირვებულს ეხმარება და კურნავს.

სურათი საქართველო-ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნაწარმოებია.

ანა ურუშაძის დრამაში კი, რომელიც არაერთი ფესტივალის ნომინანტი გახდა, მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. საშიში დედა 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

კომენტარები

კომენტარი