კინო

ორიგინალი “მეფე ლომის” ანიმატორმა რიმეიქი გააკრიტიკა

ერთ-ერთ ამერიკულ მედიაპორტალზე, HuffPost-ზე გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, სათაურით “რას ფიქრობენ ორიგინალი “მეფე ლომის” ავტორები რიმეიქზე?”. 13 მხატვრიდან და ანიმატორიდან, რომლებსაც საიტი დაუკავშირდა, მხოლოდ რამდენიმემ ისურვა კომენტარის გაკეთება. მათ შორის არის გიენების დიზაინისა და “ცხოვრების წრის” სცენების ავტორი, დევიდ სტეფანი, რომელმაც Disney-ს ახალი პროექტი გააკრიტიკა.

მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ანიმატორმა მულტფილმის რიმეიქი გააკრიტიკა, პერსონაჟების ზედმეტად რეალისტური სახეებია. დევიდ სტეფანის თქმით, ასეთი რეალისტურობის გამო, ფილმში ყველა ემოცია იკარგება. იგივე ეხება, მისი აზრით, ფილმის პერსონაჟთა უსიცოცხლო გახმოვანებასაც.

“მუსიკალური ნომრები, ჩემი აზრით, ძალიან სუსტი იყო, უემოციო, “ხის”. ფილმის შემქნელებმა თავად დააყენეს კუთხეში თავიანთი თავები, როცა გადაწყვიტეს, ასეთი რეალისტური გაეხადათ ანიმაციური ფილმი. მაგრამ, არის მაინც რამდენიმე სცენა, სადაც პერსონაჟების ხმები ექსპესიულია და შესაბამისაც, ეს სცენები ბევრად უფრო ცოცხალია” – განაცხადა დევიდ სტეფანმა.

ლეგენდარული მულტფილმის ანიმატორმა ისიც აღნიშნა, რომ Disney-მ თავის ძირითად აზრს გადაუხვია და “მეფე ლომი” ფულის გამომუშავებისთვის გამოიყენა. “სამწუხაროა, რომ დღეს, აქციონერები წყვეტენ, როგორი ფილმები უნდა გადაიღონ. Disney ახლა პირდაპირ ამბობს: “დიახ, ჩვენ გვინდა ფულის გამომუშავება”. ეს იმედს მიცრუებს, როგორც მხატვარს, რომელიც მუშაობდა სტუდიაში, რომლისთვისაც მთავარი ხელოვნება და ორიგინალობა იყო” – აღნიშნა ანიმატორმა.

რაც შეეხებათ სტეფანის კოლეგებს, ისინი მის პოზიციას არ იზიარებენ. ალექსანდრ უილიამსსა და დეივ ბოსერტს, რომლებიც შრამის დიზაინსა და ვიზუალურ ეფექტებზე მუშაობდნენ, ორიგინალი “მეფე ლომის” რიმეიქი მოეწონათ.

კომენტარები

კომენტარი