კინო

საკულტო ფილმი, “ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა დედამიწაზე”, სერიალი გახდება

სტრიმინგ სერვისი CBS All Access-ი გადაიღებს სერიალს, სახელწოდებით “ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა დედამიწაზე”, რომელიც დაფუძნებული იქნება უოლტერ ტევისის რომანის მიხედვით გადაღებულ ამავე სახელწოდების საკულტო ფილმზე, ლეგენდარული დეივიდ ბოუის მონაწილეობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სერიალისთვის სცენარს ალექს კურტცმანი დაწერს.

“წლების განმავლობაში ამ საოცარი ფილმის ფანი ვიყავი, რომელშიც მთავარ როლს დეივიდ ბოუი ასრულებს. მართალია, ვერავინ შეძლებს ასეთი კლასიკის გამეორებას, სერიალში, უბრალოდ, ნაჩვენები იქნება რომანში არსებული მცირე დეტალებიც” – განაცხადა CBS TV Studios პრეზიდენტმა, დევიდ სტეფპმა.

“ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა დედამიწაზე” 1976 წლის ბრიტანული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმია, რომელიც უოლტერ ტევისის რომანის მიხედვით, ნიკოლას როგის რეჟისორობითაა გადაღებული. მასში მთავარ როლს ლეგენდარული მუსიკოსი, დეივიდ ბოუი ასრულებს. ეს არის ფილმი უცხოპლანეტელზე, რომელიც დედამიწაზე წყლის საძებნელად ჩამოდის. ის იცვლის სახელს, ხდება თომას ჯერომ ნიუტონი და საპატენტო ოფისში მიდის, სადაც მისი ცივილიზაციის მიერ შექმნილ ტექნოლოგიებს ყიდის. ასე ცდილობს თომას ჯერომი, დააგროვოს ფული ახალი კოსმოსური ხომალდის ასაშენებლად, რომ დაბრუნდეს თავის პლანეტაზე. მაგრამ, ყველაფერი იცვლება, როცა უცხოპლანეტელი დედამიწელთა ცხოვრებით მოიხიბლება.

ფილმში დეივიდ ბოუის გარდა, მთავარ როლებს კენდი კლარკი და რიპ ტორნი ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი