კინო

ჩერნობილზე სერიალს უკრაინაც გადაიღებს

უკრაინელი რეჟისორი, მიროსლავ სლაბოშპიცკი, ჩერნობილზე სერიალს გადაიღებს. ინფორმაციას ამის შეასახებ უკრაინული მედიაპორტალი, ГОРДОН-ი ავრცელებს.

რეჟისორის თქმით, პროექტი, სახელწოდებით The Anthropocene, ეკოლოგიურ თრილერს წარმოადგენს. მისივე თქმით, ახალი სერიალი, შესაძლოა, უკრაინული კინოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული პროექტი იყოს, რომელსაც “ოსკარზე” წარადგენენ და კანის კინოფესტივალზე უჩვენებენ.

ფილმის პროდიუსერი ოლეგ კოხანი იქნება. მისი თქმით, ფილმის გადაღებებისთვის საჭირო თანხის 50 პროცენტი დაფინანსდა ამერიკული ფონდების მიერ. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ამ წამოწყებაში მათ სახელმწიფოც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ HBO-სა და Sky Atlantyc-ის მიერ გადაღებული მინი-სერიალის, “ჩერნობილის” ხუთსერიანი ისტორიული დრამის შემდეგ, მისი რუსული ვარიანტის პრემიერა გველოდება, რომლის რეჟისორიც ალექსეი მურადოვია. სერიალი 12 ეპიზოდით იქნება წარმოდგენილი და მისი პრემიერა რუსულ ტელეარხ НТВ-ზე შედგება.

HBO-ს სერიალი, სსრკ-ში, ქალაქ პრიპიატში, 1986 წლის აპრილში მომხდარ ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ ამბავსა და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნების მიერ აფეთქების დაფარვის მცდელობებზე მოგვითხრობს. სერიალი ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის “ჩერნობილის ხმები” მიხედვით არის გადაღებული. “ჩერნობილმა” დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიო მასშტაბით და გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ყველა რეიტინგის სათავეში მოექცა.

ამერიკულმა სერიალმა მოწონება ვერ დაიმსახურა მხოლოდ რუსეთში. რუსული სახელმწოფო მედია, ჟურნალები და გამოცემები “ჩერნობილს” მკაცრად აკრიტიკებდნენ და წერდნენ, რომ ის რუსეთის სახელწიფოს იმიჯს ჩრდილს აყენებდა. პარტია “რუსეთის კომუნისტებმა” ცენზურის სააგენტოს, “როსკომნადზორს”, HBO-ს სერიალის აკრძალვაც კი სთხოვეს იმ მიზეზით, რომ სერიალში ნამდვილი ტრაგედია იდეოლოგიური მანიპულაციის საგანი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი