კინო კულტურა

HBO ძველბერძნული მითოლოგის გმირზე, კოლხ ჯადოქარ კირკეზე, სერიალს გადაიღებს

ტელეარხი HBO ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირზე, ჯადოქარ კირკეზე, სერიალს გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სერიალი 8 ეპიზოდით იქნება წარმოდგენილი, მის სცენარზე კი რიკ ჯაფი და ამანდა სილვერი იმუშავებენ, რომლებიც, ამჟამად, Disney-ის ახალ პროექტზე, “მულანზე” მუშაობენ.

ახალი სერიალი დაფუძნებული იქნება მადლენ მილერის ბესტსელერზე, სახელწოდებით “კირკე”. წიგნი მოგვითხრობს, როგორ გადაიქცა ნიმფა კირკე ჯადოქრად, რომელიც მზადაა გამოიწვიოს მონსტრები, ტიტანები და ღმერთებიც კი. გამოცემის ცნობით, სერიალი წარმოაჩენს ძველი ბერძნული მითოლოგიის თანამედროვე ხედვას.

კირკე ბერძნულ მითოლოგიაში გრძნეული ნიმფაა, რომელიც აიაიას კუნძულზე ცხოვრობდა. ეს სწორედ ის კუნძულია, რომელზეც მითის თანახნად, არგონავტები მოხვდნენ. კირკე ჰელიოსისა და პერსეს ასულია, აიეტისა და პასიფაეს და და, შესაბამისად, მედეას მამიდა.

კოლხი კირკეს სახეს ჰომეროსთან, ტროას მითოსშიც ვხვდებით. კირკეს კუნძულს ოდისევსიც მიადგება თავისი ხომალდით და მის დასაზვერად რამდენიმე მეგობარს გაგზავნის, რომლებსაც კირკე ღორებად გადააქცევს. ჰერმესი, ღმერთების მაცნე, ოდისევსს ასწავლის, როგორ დაიმორჩილოს კირკე. გმირი ჯადოსნური მცენარის მეშვეობით თავს დააღწევს კირკეს გრძნეულებას, კეთილად განიწყობს ქალღმერთს და ისიც მის მეგობრებს ადამიანის სახეს დაუბრუნებს. ერთი წელი იცხოვრებს ოდისევსი აიაიაზე, კირკესთან და როდესაც სამშობლოს სევდა შემოაწვება, კირკე მას უკან დასაბრუნებელი გზას ასწავლის. ოდისევსსა და გრძნეულ ნიმფას ვაჟი დაებადებათ, რომელსაც ტელეგონოსს შეარქმევენ, რაც ბერძნულად “მამისგან მოშორებით დაბადებულს” ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი