კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: მაილზ დეივისის შესახებ გადაღებული ფილმის ტრეილერი

კომპანია Eagle Rock-მა ლეგენდარული მუსიკოსის, მაილზ დეივისის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, “Miles Davis: Birth of the Cool”-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სტენლი ნელსონის რეჟისორობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი მაილზ დეივისის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვიყვება. ფილმის პრემიერა, წელს, “სანდენსის” კინოფესტივალზე შედგა, კინოგაქირავებაში კი აგვისტოდან ჩაეშვება.

ფილმში ვიხილავთ დეივისის საარქივო ფოტოსურათებს, ასევე, მოვისმენთ სხვა მუსიკოსების მიერ დეივისის შემოქმედების განხილვას, მათ შორის, კარლოს სანტანასა და ჰერბი ჰენკოკის მიერ. მოვისმენთ, აგრეთვე ამონარიდებს მუსიკოსის ავტობიოგრაფიიდან, რომელსაც მსახიობი კარლ ლემბლი ახმოვანებს.

“მუსიკა ჩემთვის ყოველთვის რაღაც წყევლის მსგავსი იყო. ის არის ჩემს ცხოვრებაში უპირველესი: მასზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებ. მუსიკაა ყველაფერი ის, რის გამოც ვცოცხლობ”. (ამონარიდი ავტობიოგრაფიიდან).

ფილმი მოგვიყვება, ასევე, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსის რომანებსა და მის ნარკოდამოკიდებულებაზე.

მაილზ დეივისი მოდალური ჯაზის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია, მისი ნამუშევრებიდან წარმოიშვა, აგრეთვე, ჯაზ-როკი, გვიანდელ 1960-იან და ადრეულ 1970-იანებში.

კომენტარები

კომენტარი