კინო

ჰოლივუდის დიდების ხეივანში გილერმო დელ ტოროს ვარსკვლავი გაიხსნება

ჰოლივუდის დიდების ხევანში, ორი “ოსკარის” მფლობელი მექსიკელი რეჟისორის, გილერმო დელ ტოროს ვარსკვლავი გაიხსნება. საზეიმო ცერემონია 6 აგვისტოს გაიმართება. გილერმო დელ ტოროს ვარსკვლავი დიდების ხეივანში რიგით 2669-ე იქნება.

“გილერმო დელ ტორო არის უნიკალური და ნათელი წარმოსახვების მქონე რეჟისორი. ის განაგებს ფანტაზიის სამეფოს, რომელიც ატყვევებს და აოცებს ადამიანებს” – ნათქვამია ჰოლივუდის დიდების ხეივნის პროდიუსერის, ანა მარტინესის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დელ ტორო არის ისეთი ფილმების რეჟისორი, როგორებიცაა: “წყლის ფორმა”, “ფავნის ლაბირინთი”, “ეშმაკის ხერხემალი”, “ჰელბოი”, “წყნარი ოკეანის ტიტანები” და სხვა.

დელ ტოროს ფილმები ზღაპრებთან და საშინელებათა ჟანრთან არის დაკავშირებული, მათში გამოკვეთილია ვიზუალური და პოეტური სილამაზის ელემენტები. რეჟისორი გატაცებულია ურჩხულებით, რომლებიც მის ფილმებში დიდი ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლება. დელ ტორო ცნობილია, აგრეთვე, თავის ნაშრომებში მწერების, რელიგიური სიმბოლოების, მიწისქვეშა სამყაროებისა და მექანიზმების, პრაქტიკული სპეციალური ეფექტებისა და დომინირებადი ყვითელი ნათების გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი