ლიტერატურა

გაბრიელ გარსია მარკესი ბრასენსის შესახებ

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

რამდენიმე წლის წინ, ლიტერატურაზე საუბრისას, მკითხეს, ვინ იყო საუკეთესო თანამედროვე ფრანგი პოეტი. უყოყმანოდ ვუპასუხე: ჟორჟ ბრასენსი. იქ მყოფთაგან, ყველა არ იცნობდა ამ სახელს. ზოგი ამისთვის ზედმეტად ბებერი იყო, ზოგიც – ზედმეტად ახალგაზრდა. რამდენიმემ კი, რომლებიც ბრასენსს არაფრად აგდებდნენ, რადგან იგი “ფირფიტების ავტორი იყო და არა წიგნების”, იფიქრეს, რომ ამას მათ გასაოგნებლად ვამბობდი. მხოლოდ ჩემი თაობის მეგობრებმა, რომლებმაც ალჟირის ომის უმადური წლების პარიზში იცხოვრეს, იცოდნენ, რომ მე, არათუ არ ვხუმრობდი, მართალიც ვიყავი.

სწორედ მათ მოუკვდათ ჟორჟ ბრასენსი ერთი კვირის წინ, სამოცი წლის ასაკში; მოუკვდათ უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენ სამყაროს; მოუკვდათ ქალაქ სეტის ცვალებადი ზღვის ახლომახლო, მშობლიური სეტისა, რომელიც ბრასენსს ასე უყვარდა, სადაც ჰქონდა სახლი, ყვავილებითა და სინამდვილესა და მის სიმღერებს შორის თავისუფლად მოსეირნე კატებით სავსე. თუმცა იგი არ მომკვდარა საკუთარ სახლში: მისი ლეგენდარული თავმდაბლობის გამო, მოსაკვდომად მეგობართან წავიდა, რათა ეს არავის გაეგო. სამწუხარო ამბავი, ანონიმური ზარის მეშვეობით, საფრანგეთისთვის მხოლოდ 72 საათის შემდეგ გახდა ცნობილი, როცა იგი უკვე დაესაფლავებინა მეგობრების ვიწრო წრეს ადგილობრივ სასაფლაოზე. სხვანაირად ვერც იქნებოდა: ბრასენსი იმ კაცთაგანი გახლდათ, ვისთვისაც სიკვდილი პერსონალურ ქმედებათაგან ყველაზე ინტიმურია.

იგი ყოველთვის ასეთი იყო. 1921-ში დაიბადა, კალატოზის უბრალო ქოხში. მამას სურდა, შვილიც მის ხელობას დაუფლებოდა. როგორც ყველა სიცოცხლისმოყვარე ბავშვი, პატარა ჟორჟიც ვერ იტანდა სკოლას, რადგან იგი “ყაზარმას ჰგავდა”. ერთ-ერთმა იმედგადაწურულმა მასწავლებელმა მოახერხა და მას საბოლოოდ შეაძულა ეს დაწესებულება: რამდენიმე საათით კარადაში გამოკეტა… და როცა ჟორჟი კარადიდან გამოვიდა, მის გულში სამუდამოდ აღმოცენებულიყო ანარქიის ყლორტები! ავტორიტარიზმისა და ყოველგვარი წინასწარდადგენილი საზომის მიმართ მისმა მტრულმა დამოკიდებულებამ გამოკვება მისი ყველაზე ლამაზი სიმღერები. მისთვის, სრულ სიბნელეში, მხოლოდ ერთი სხივი ელვარებდა – პირადი დამოუკიდებლობისა და  სიყვარულის სხივი. ერთხელ, იმღერა: “მოვკვდეთ იდეისთვის, ოღონდ ნელა  მოვკვდეთ!”. კომუნისტურ პარტიაში წიოკი ატყდა: აპროტესტებდნენ სიმღერას “სწრაფი სიკვდილით მკვდარი თანამემამულეების” სახელით.

ჟორჟ ბრასენსი სრულიად იყო დაცლილი ჯოგური ცნობიერებისგან. იგი იმდენად ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ მის შესახებ ინფორმაციები ლეგენდებს წააგავდა და ზოგჯერ, ვერც გაიგებდი, არსებობდა თუ არა იგი სინამდვილეში. 50-ან წლებშიც კი, მისი ყველაზე დიდი ბრწყინვალების პერიოდში, იგი უჩინარ კაცად რჩებოდა. არავინ იცის, როგორ დაითანხმა რენე კლერმა იგი კინოროლზე (იგულისხმება კლერის 1956 წლის ფილმი Porte des Lilas (მთ.)), რომელიც “ვარსკვლავად ქცევის” შიშით შეპყრობილმა ჟორჟმა ცუდად შეასრულა. სანაცვლოდ, ამ ფილმში, მან ორიგინალური სიმღერების თაიგული გვაჩუქა, დღემდე რომ გულით ვატარებთ. “დრო – ამბობდა იგი ერთ-ერთ მათგანში – ატილას მსგავსი ბარბაროსია: სადაც მის ცხენს გაუვლია, იქ სიყვარული აღარ ამოდის.”

ცოცხლად, მხოლოდ ერთხელ ვნახე, “ოლიმპიაში” მისი პირველი გამოსვლისას, და ეს დღემდე ჩემს წარუშლელ მოგონებად რჩება. ფარდებს შორის ისე გამოვიდა, თითქოს საღამოს მთავარი გმირი კი არა, თეატრის ერთ-ერთი გზააბნეული ტექნიკოსი ყოფილიყო – თურქული ულვაშებით, აბურძგნილი თმითა და საწყალობელი ფეხსაცმლით, რომლის მსგავსსაც, ალბათ, მშენებლობაზე მიმავალი მამამისი იცვამდა. იგი თავაზიან დათვს ჰგავდა, ყველაზე სევდიანი თვალებით, რაც ოდესმე მინახავს, და პოეტური ინსტინქტით, ვერაფერი რომ აჩერებდა. “ერთადერთი, რაც მასში არ მომწონს, უწმაწური სიტყვებია”, ამბობდა დედამისი. მართალია, მას ყველაფრის თქმა შეეძლო, იმაზე მეტისაც, ვიდრე დაშვებული იყო, მაგრამ იგი ამას ისე ამბობდა, რომ ყოველივეს “კეთილისა” და “ბოროტის” მიღმა მიაქანებდა. მან იმ საღამოს, “ოლიმპიაში”, სახალხოდ გამოსვლის თანდაყოლილი შიშით ტანჯულმა, იმღერა, როგორც არასდროს! და მაყურებლებს ვერ გაგვეგო, რატომ ვტიროდით: მისი სიმღერების მშვენიერების თუ იმ სიბრალულის გამო, ამ სხვა სამყაროსთვის და სხვა დროისთვის შექმნილი კაცის სიმარტოვე რომ იწვევდა ჩვენში? ეს იგივე იყო, ცოცხალი ფრანსუა ვიიონისთვის ან განწირული და მძვინვარე რაბლესთვის გესმინა! მას შემდეგ, აღარასდროს მქონია ბრასენსთან შეხვედრის ბედნიერება. მას ახლობლებიც კი იშვიათად ხედავდნენ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ჰკითხეს, რას აკეთებდა 68 წლის მაისის დღეებში. მან უპასუხა, რომ თირკმლების ანთება ჰქონდა. ეს პასუხი მორიგ უპატივცემლობად ჩაუთვალეს. ახლა კი ვიცით, რომ ეს სიმართლე იყო. ყველასთვის საიდუმლოდ, მან ჩუმად კვდომა ოციოდე წლით ადრე დაიწყო.

1955-ში, როცა ბრასენსის სიმღერების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო, პარიზი სხვანაირი გახლდათ. შუადღეობით, საზოგადოებრივი პარკები მარტოხელა მოხუცებით ივსებოდა. თუმცა ქალაქი შეყვარებული წყვილების სამფლობელოდ ქცეულიყო. ერთმანეთს კოცნიდნენ ყველგან, დაუსრულებლად, კაფეებსა და  მეტროში, კინოში თუ შუა ქუჩაში… მოძრაობასაც კი აფერხებდნენ კოცნის გასაგრძელებლად, აცნობიერებდნენ რა, რომ სიცოცხლე არ იქნებოდა საკმარისად ხანგრძლივი მთელი მათი სიყვარულისთვის. სენ-ჟერმენ-დე-პრეს ტურისტებით სავსე სარდაფებში დაფლული ეგზისტენციალიზმი ქრებოდა და მხოლოდ საუკეთესოს ტოვებდა: სიცოცხლის შეუკავებელ წყურვილს.

ერთ საღამოს, კინოდან გამოსული, ქუჩაში პოლიციელებმა დამაკავეს და ლანძღვა-გინებით, ჯავშნიან ფურგონში შემაგდეს. მანქანა დადუმებული ალჟირელებით იყო სავსე, რომლებიც ასევე  მუჯლუგუნის კვრით აეყვანათ უბნის ბისტროებიდან. მათ, ჩემი დამკავებლების მსგავსად, მეც ალჟირელი ვეგონე. ღამე უახლოესი კომისარიატის საკანში სარდინებივით ჩაწყობილებმა გავატარეთ. ხალვათად ჩაცმული პოლიციელები კი ერთმანეთს საკუთარ შვილებზე უყვებოდნენ და ღვინოში ჩამბალ პურს მიირთმევდნენ. მათთვის ქეიფის ჩასაშხამებლად, ალჟირელები და მე მთელი ღამე ვფხიზლობდით და ვმღეროდით ბრასენსის სიმღერებს ძალისმიერი პოლიტიკის, ექსტრემიზმისა და სიბრიყვის წინააღმდეგ. ამ დროს, ჟორჟ ბრასენსს უკვე ნამღერი ჰქონდა თავისი “ანდერძი”, მისი ლექსებიდან ერთ-ერთი საუკეთესო. მე იგი ზეპირად ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვები არ მესმოდა. თუმცა დროთა განმავლობაში, რაც უფრო ვსწავლობდი ფრანგულს, მით უფრო ვწვდებოდი მის აზრსა და მშვენიერებას. ვწვდებოდი ისეთი აღტაცებით, თითქოს სათითაოდ, სამყაროს ვარსკვლავები აღმომეჩინა!

ახლა, როცა მას შემდეგ 25 წელი გავიდა, აღარავინ აღარავის კოცნის პარიზის ქუჩებში. შემცბარებს, ვერ გაგვიგია, სად წავიდნენ ისინი, ვისაც ასე უყვარდათ ერთმანეთი.

ჟორჟ ბრასენსი მოკვდა, და მოგვიწევს, როგორც თავად ითხოვდა “ანდერძში”, მის კარზე უბრალო აბრის დამაგრება: “დაკეტილია დაკრძალვის გამო”.

გაბრიელ გარსია მარკესი, Notas de Prensa, 11.11.1981

ესპანურიდან ფილიპ ბიიეს თარგმანის მიხედვით, Lettre documentaire 346, 2001

კომენტარები

კომენტარი