საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ირაკლი მელიქიშვილი: “მინდა დავეუფლო ევროპულ ვოკალურ კულტურას და შეძენილი ცოდნა, ადრე თუ გვიან, ჩემი ქვეყნისთვის გამოვიყენო”

ცოტა ხნის წინ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატების სიას საოპერო შემსრულებელი, ირაკლი მელიქიშვილი დაემატა. ცენტრის დაფინანსებით, ის სწავლას შოტლანდიის სამეფო კონსერვატორიაში, საოპერო კლასიკური ვოკალის განხრით გააგრძელებს.

თავდაპირველად როდის დაინტერესდით მუსიკით და როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი მთავარი სფერო იქნებოდა?

– პატარა ასაკიდან ძალიან მიყვარდა მუსიკა. შემეძლო ძალიან დიდხანს მესმინა მუსიკისთვის და ვცდილობდი, მიმებაძა მომღერლისთვის. თავდაპირველად, მუსიკას 6 წლის ასაკში ვეზიარე, მაშინ, როცა მშობლებმა მე-2 გერმანულ გიმნაზიაში არსებულ მუსიკის წრეზე შემიყვანეს. თუმცა, ძალიან მალე ავიცრუე გული და მშობლებს განვუცხადე, რომ სიმღერის წრეზე აღარ ვივლიდი, რადგან, ვფიქრობდი, რომ ჩემზე უფროსებს უკეთეს სიმღერებს ამღერებდნენ მე კი მხოლოდ საბავშვოს. მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ, შევედი  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბიჭუნათა ანსამბლ “ალიონში”, თემურ ქევხიშვილის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ სიმღერა უკვე   ფოლკლორულ ანსამბლ “დარიალში” გავაგრძელე.

გარდატეხის ასაკში პედაგოგმა ამიკრძალა სრული დატვირთვით სიმღერა, რის შემდეგაც გადავწყვიტე დავუფლებოდი გიტარაზე დაკვრის ხელოვნებას.
ამ პერიოდში მოხდა ჩემი მუსიკალური გარდატეხა, ვეზიარე როკ და ჯაზ კულტურას. გარკვეული დროის განმავლობაში ვუკრავდი მუსიკალურ ჯგუფში, სოლო გიტარისტის პოზიციაზე.

სკოლის დამთავრების შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე, საესტრადო ვოკალის სპეციალობაზე ჩავაბარე. აქ სწავლის პერიოდში მომისმინა ავთანდილ რევიშვილმა და მითხრა, რომ ჩემთვის იდეალური იქნებოდა ხმა განმევითარებინა კლასიკური (საოპერო) ვოკალის კუთხით.  სწორედ მასთან გადავდგი პირველი ნაბიჯები საოპერო ხელოვნების კუთხით და როგორც იტყვიან, “მოვიწამელე” კლასიკური მუსიკით. მისივე რჩევით, პარალელურად ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საშემსრულებლო ფაკულტეტზე, სოლო აკადემიური სიმღერის სპეციალობით გავაგრძელე.

როგორც აღნიშნეთ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობდით. როგორ შეაფასებდით სწავლების ხარისხს?

– სწავლების ხარისხი საკმაოდ მაღალია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ვოკალისტებისთვის თეორიულ საგნებზე მეტი ყურადღება პრაქტიკას უნდა ეთმობოდეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვყო კონსერვატორიაში არსებული საოპერო სტუდია და მისი ხელმძღვანელი, დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე, რომელიც  უდიდეს შრომას დებს სტუდენტების პროფესიულ დახელოვნებასა და წინსვლაში. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყოფილ პედაგოგებს: ავთანდილ რევიშვილსა და ელდარ გეწაძეს.  კონცერტმაისტერებს: მაია ფერაძეს, მარიამ ბებიაშვილსა და მარინა მეტრეველს. უდიდესი მადლობა, ასევე, ვოკალის ამჟამინდელ პედაგოგს, ოპერის წამყვან სოლისტს, მაესტრო სულხან გველესიანს, რომელიც არ იშურებს ძალასა და ენერგიას ჩემი პროფესიული განვითარებისთვის.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი გახდით. რა ეტაპების გავლა მოგიწიათ გამარჯვებამდე და რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესი?

– განათლების საერთაშორის ცენტრის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ფონდი ეხმარება ახალგაზრდებს საზღვარგარეთ განათლების მიღებაში, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა, თითოეულმა მონაწილემ გაიაროს კონკურსის სამი ეტაპი. თავდაპირველად, შენს მონაცემებს აგზავნი, შემდეგ ვიდეო ჩანაწერებს, რეკომენდატორების დახასიათებასა და სამოტივაციო წერილს. მიუთითებ თანხას, რამდენი და რისთვის გჭირდება. მესამე ეტაპი გასაუბრებაა. გასაუბრების შემდეგ, 2 კვირის ვადაში, ელექტრონულად იღებ პასუხს დაფინანსებასთან დაკავშირებით. მინდა, ასევე, აღვნიშნო ფონდის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და სასიამოვნო გარემო, რომელიც ეხმარება ყველა აპლიკანტს რთული ეტაპების დაძლევაში. გასაუბრებამდე ყველა ეტაპის გავლა ელექტრონულად ხდება, პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, ეს საკუთარ თავზე გამოვცადე.    

როგორი იყო კონკურენცია და ელოდით თუ არა ასეთ შედეგს?

– კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. დარწმუნებული ვარ, თითოეული აპლიკანტი ახლოს იყო მიზანთან, თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ერთ-ერთი, ვინც მიიღო ეს დაფინანსება. რა თქმა უნდა, ყველა კონკურსანტი ელის მისთვის სასურველ შედეგს და მათ შორის მეც ვიყავი. რწმენას უფრო მიძლიერებდა ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში, უკვე დაფინანსებული ვიყავი შოტლანდიის სამეფო კონსერვატოტიის მიერ. მათ  მთლიანად დამიფინანსეს მაგისტრატურაში სწავლების სრული ორწლიანი კურსი, ამასთანავე, დამინიშნეს სტიპენდია, მაგრამ დამატებით მჭირდებოდა  ფინანსები საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის. ამიტომ, ვითხოვდი დაფინანსებას, რომელიც კონკურსის გავლის შემდეგ მოვიპოვე. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი განათლების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც  დიდ საქმეს აკეთებს  საზღვარგარეთ სწავლის მსურველი, მოტივირებული ახალგაზრდების  ხელშეწყობითა და საქართველოსთვის მომავალი პროფესიონალი კადრების მომზადებით.

როგორ ფიქრობთ, რა იყო ის, რის გამოც სხვა კონკურსანტებისგან გამოგარჩიეს?

– როგორც ჩანს, ჩემი მონაცემები და მდგომარეობა უფრო ახლოს აღმოჩნდა შეფასების იმ კრიტერიუმებთან, რომლითაც ხელმძღვანელობს განათლების საერთაშორისო ცენტრი.

რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებთ სწავლას, რა მიმართულებით და როგორია თქვენი მოლოდინები?

– სწავლას ვაგრძელებ შოტლანდიის  სამეფო კონსერვატორიაში, ქალაქ გლაზგოში, სადაც გავივლი მაგისტრატურის ორწლიან კურსს, საოპერო კლასიკური ვოკალის  განხრით. კონსერვატორიას გააჩნია ყველანაირი რესურსი, რომელიც ჩემს სფეროში კარგად განვითარებისთვის დამეხამრება.
ჩემი მოლოდინები დიდია, უპირველსად, მივიღებ ევროპულ განათლებას, რაც უმნიშვნელოვანესია.

საქართველოში ჩატარებულ სხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა და თუ გქონიათ სხვა განსაკუთრებული წარმატება?

– კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო დადგმებსა და კონცერტებში. ვარ ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ვოკალისტთა კონკურსის ლაურეატი.
ვმონაწილეობდი, ასევე,  “bassi brugnateli”-ს მომღერალთა და დირიჟორთა სიმპოზიუმში, იტალიაში. კონკურსი გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. საჭირო იყო სტუდენტებს გადაეგზავნათ საკუთარი მონაცემები და საოპერო არიების ჩანაწერები. დაახლოებით ერთ თვეში, ორგანიზატორებისგან მივიღე პასუხი სრულ დაფინანსებაზე. სამი კვირის განმავლობაში ვიყავი ჩართული სიმპოზიუმში, სადაც გვიტარდებოდა მასტერ კლასები და ვმართავდით კონცერტებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში.  სიმპოზიუმში მონაწილეობამ დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა და საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა.

თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?

– მოლოდინი დიდი მაქვს, უპირველესად, მინდა მაქსიმუმი გავაკეთო მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში, მივიღო მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსში, ასევე, საოპერო დადგმებში. დავეუფლო ევროპულ ვოკალურ კულტურას და შეძენილი ცოდნა, ადრე თუ გვიან, ჩემი ქვეყნისთვის გამოვიყენო. ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც არასდროს გაძლევს მოდუნების საშუალებას და ყოველთვის მოითხოვს პროფესიულ ზრდას. 

რას ურჩევდით განათლების საერთაშორისო ცენტრის მომავალ კონკურსანტებს? 

– მომავალ კონკურსანტებს ვურჩევდი, რომ არ შეჩერდნენ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე, არ შეუშინდნენ სირთულეებს, იაქტიურონ, მიიღონ მაქსიმალური ცოდნა და გამოცდილება, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ  მაქსიმალურად დააკმაყოფილონ  შეფასების ის კრიტერიუმები, რომლითაც ხელმძღვანელობს განათლების საერთაშორისო ცენტრი და დარწმუნებული ვარ, შედეგიც არ დააყოვნებს, ვინაიდან, განათლების საერთაშორისო ცენტრი ზრუნავს და ეხმარება ახალგაზრდებს წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე, ეხმარება მიზნების მიღწევასა და საკუთარი თავის  რეალიზაციაში. ეს ყველაფერი კი ჩვენს ქვეყანას შესძენს პროფესიონალთა ახალ თაობებს.

კომენტარები

კომენტარი