კულტურა

ინტერვიუ ჯაბა ლაბაძესთან: “ჩაერთეთ ვიკი-კონკურსებში, გაუკეთეთ პოპულარიზაცია ქართულ კულტურას და მოიგეთ პრიზები”

ქართულენოვან ვიკიპედიაში მიმდინარეობს კონკურსი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების შესახებ, მისი მიმდინარეობის, მიზნებისა და ამჟამინდელი შედეგების შესახებ ვესაუბრეთ კონკურსის იდეის ავტორს და ჟიურის წევრს, ქართულენოვანი ვიკიპედიის რედაქტოს ჯაბა ლაბაძეს.

მოგესალმებთ ბატონო ჯაბა, როგორ გაჩნდა იდეა კონკურსის ჩატარების შესახებ?

2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მასშტაბით კულტურის ზოგიერთ უძრავ ძეგლს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. აღნიშნული ძეგლები ვიკიპედიაში შევიტანე 2013 წელს და აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობის შესახებ სტატიები დასაწერი იყო. პრაქტიკულად აქედან ვფიქრობთ მსგავსი პროექტის ჩატარებას. 

რა არის პროექტის მთავარი მიზანი?

მიზანი ცალსახაა: საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სხვა ე. წ. ქვე-მიზნებიცაა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ერთიანი ბაზის შექმნა, როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სხვადასხვაენოვან ვიკიპედიებთან ერთობლივი, თანამშრომლობის პროექტების განხრციელებას. ასევე ქართული ვიკიპედიის პოპულარიზაცია და ახალი მომხმარებლების მოზიდვა.

როგორია კონკურსის მიმდინარეობის ეტაპები?

კონკურსი დაიწყო 2019 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. პირველი ეტაპია მომხმარებლების მიერ სტატიების წერა, რომლის დასრულებისთანავე დაიწყება შეფასების პროცესი, რომლის ხანგრძლივობაც სტატიების რაოდენობაზეა დამოკიდებული. კონკურსი მიმდინარეობს ორ ნომინაციაში, დაჯილდოვდება, სამი ქართველი და სამი უცხოელი მონაწილე. 

რა პრიზებია დაწესებული კონკურსანტებისთვის?

როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება 300 დოლარიანი „ამაზონის“ სასაჩუქრე ბარათით, მეორე და მესამე ადგილის მფლობელეიბი შესაბამისად 200 და 100 დოლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებით. 

როგორია ამჟამინდელი სტატისტიკური მდგომარეობა კონკურსის ფარგლებში?

ამჟამად, ადგილობრივ  დონეზე მონაწლეობს ოთხი კონკურსანტი. საერთო ჯამში, მათ მიერ დაწერილია 60-მდე სტატია, რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე, აქ ბევრად უკეთესადაა საქმე. მონაწილებს 25 ვიკიპედიელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გვყავს მონაწილეები თურქეთიდან, არგენტინიდან, ბაშკირეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საბერძნეთიდან, ჩეხეთიდან, პანამიდან… ასევე ორი ქართველი წერს სტატიებს ინგლისურ ენაზე. მათ საერთო ჯამში დაწერილი აქვთ 450-მდე სტატია. ლიდერის პოზიციებს ჯერჯერობით ინარჩუნებენ თურქი, ბაშკირი და პანამელი ვიკიპედიელები. შესაბამისად 89, 72 და 63 სტატიით. 

და ბოლოს რას ეტყოდით ახალ მომხმარებლებს?

ჩაერთეთ ვიკი-კონკურსებში, გაუკეთეთ პოპულარიზაცია ქართულ კულტურას და ამავდროულად მოიგეთ პრიზები.

კომენტარები

კომენტარი