სტილი, დიზაინი

რობერტო მავანი: “სოსო კავკავაშვილმა თავად დაგვპატიჟა გორში”

ჟურნალისტი ლევან კვარაცხელია, იგივე რობერტო მავანი, POSTV-ის არხზე გორში მომხდარი ინციდენტის შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ მავანი Region Fashion Week-ზე ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სოსო კავკავაშვილმა მიიწვია.

“გორში დაგვპატიჟა თვითონ სოსო კავკავაშვილმა, რომ გაგვეშუქებინა ეს ღონისძიება. მანამდე არ იცოდა როგორ და რამდენი ტელევიზია გააშუქებდა. როცა მიხვდა, რომ ბევრი ტელევიზია აშუქებს, მას შემდეგ მითხრა უარი. ჩვენი მოვალეობაა ეს გადავიღოთ. საერთოდ ვერ გახდებოდნენ ცნობილები ვერც სოსო კავკაკაშვილი და ვერც ეს ადამიანები თავის დროზე ჩვენ რომ არ გვეაქტიურა. მე მგონია, რომ გვაქვს ამის უფლება, რომ გადავიღოთ.” – აღნიშნავს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში რესტორან “მზიურის” მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

“Region Fashion Week” ორგანიზატორები შენობიდან POSTV-ის გადამღები ჯგუფის წასვლას ითხოვდნენ, რა დროსაც სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფოს მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შემდეგ, პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება. გავრცელებულ ვიდეომასალაში ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყობს და ირწმუნება, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ნაკლებად მძიმე შედეგებით.

კომენტარები

კომენტარი