კულტურა

თბილისში ქუჩებს ბერიკაშვილის, აბაშიძისა და სხვა მსახიობების სახელები დაერქმევა

თბილისში რამდენიმე ქუჩას გივი ბერიკაშვილის, ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, მედეა ჯაფარიძის და იაკობ ტრიპოლკის სახელი მიენიჭება. ამასთან დაკავშირებით საკრებულო დღეს, 23 ივლისს იმსჯელებს.

საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთს ბელა მირიანაშვილის სახელი მიენიჭება. ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის შესახვევის, ლამის II ჩიხსა და ასპინძის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახელს დაარქმევენ.

ისნის რაიონში, წერნაქის ქუჩის მონაკვეთის მსახიობ ლეილა აბაშიძის სახელი მიენიჭება. ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევს მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩას დაარქმევენ. ისნის რაიონში, მახათას ქუჩას მსახიობ მარინე თბილელის სახელი მიენიჭება.

მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხსა და შესახვევს მსახიობ მედეა ჯაფარიძის სახელს დაარქმევენ. მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის II ჩიხსა და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხს მსახიობ გივი ბერიკაშვილის სახელი მიენიჭება.

საბურთალოს რაიონში, სერგო ზაქარიაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის სახელი დაერქმევა.

საკრებულოს ცნობით, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებული უსახელო ქუჩისასა და ერთ გასასვლელს რეჟისორ გიორგი დანელიას სახელი მიენიჭება. ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებული ერთ ჩიხს რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელს დაარქმევენ. 

კომენტარები

კომენტარი