სტილი, დიზაინი

გორში ჩაშლილი Region Fashion Week-ის ირგვლივ შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფოტო: რადიო მოზაიკა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში რესტორან “მზიურის” მიმდებარე ტერიტიორიზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

“Region Fashion Week” ორგანიზატორები შენობიდან პოს-TV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ, რა დროსაც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფოს მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ფეშენ ვიქის” მეორე ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ საღამოს ჩაშლაში პოს-TV დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვეს. ინტერნეტ ტელევიზიის წარმომადგენელმა მერიკო კარტოზიამ ბრალდებას უსაფუძვლოუწოდა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რესტორნიდან “რობერტო მავანის“ წასვლა მოითხოვეს, შენობა დატოვეს.

ამის შემდეგ, პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება. გავრცელებულ ვიდეომასალაში ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყობს და ირწმუნება, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ნაკლებად მძიმე შედეგებით.

შეგახსენებთ, რომ გორი „რეგიონ ფეშენ ვიკს“ სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, მოდების ფესტივალი დღეს უნდა დახურულიყო თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე „ფეშენ ვიკის“ ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა და ამ დრომდე „გორმედში“ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტის გამო, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ, თუმცა, მათ გადადებას რესტორან „მზიურში“ გამართვა არჩიეს რადგან, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი