კულტურა

“დედა ენის” დაბრუნება – მოსაზრებები

როგორც მოგეხსენებათ, 2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება გამოიკვეთა:

“100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს.

ამ “მიღწევის” გამოსაცხადებლად სკოლის დირექტორებს, ყოფილ სპორტულ კომენტატორებს, ყოფილ განათლების მინისტრსა და მოქმედ პარლამენტის წევრებს, ტელევიზიებსა და საჯარო მოხელეებს თბილისიდან ვარიანში რომ ჩაიყვან, ჩანს, რომ ვერ ხვდები, რომ არაადეკვატურად ხარჯავ შენ ხელში არსებულ ძალაუფლებას. ეს იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების ყურადღების მობილიზება მოხდეს, რომ უკეთესი სკოლები გვქონდეს, უკეთესი მასწავლებლები და დირექტორები მოვიდნენ პროფესიაში, ახალი სასწავლო პროგრამები შეიმნას, ახალი სახელმძღვანელოები, ახალი ელექტრონული რესურსები შეიქმნას და ა.შ.” – განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!” – ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი.

ფილოლოგიის პროფესორი ლევან ღვინჯილია ლევან ბერძენიშვილის კომენტარს ეხმიანება:

„ის უნივერსიტეტის პროფესორია და მეტი მოეთხოვება. მეცხრამეტე საუკუნის ქართული რას ნიშნავს, ვაჟა-ფშაველა არ ვისწავლოთ? ან ვეფხისტყაოსანი? ან შუშანიკის წამება არ ვისწავლოთ? ამას უნდა ახსნა და დასაბუთება მისი მხრიდან – რას გულისხმობს კონკრეტულად და რომელი მასალაა ისეთი იქ, რომელიც დაუძლეველი იქნება დღევანდელი მოწაფისთვის“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლევან ღვინჯილიამ.

” დედაენა არ არის უბრალოდ სახელმძღვანელო. ესაა წიგნი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაშიც კი ცოტა თუ მოიძებნება იმ წვლილით, რაც მან ქვეყნის განვითარებაში შეიტანა. მაგრამ, რაც მთავარია, დედაენა თვისი არსით არაა მხოლოდ ერთი რომელიმე ისტორიული ეპოქის კუთვნილება. რასაკვირველია, ჩვენს დროში მშობლიური ენის სახელმძღვანელო ახალი მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. თავად გოგებაშვილი ბრძანებდა – „დედა-ენა მაშინ მოკვდება, როცა გაუკეთესებას მოაკლდებაო“. ამ გაუკეთესების, ახალ დროის შესაბამისად განახლების პრინციპები და მეთოდიც თავად გადმოგვცა ანდერძსა თუ სხვადასხვა პუბლიკაციებში და დღეს, პირველად ბოლო თითქმის საუკუნის განმავლობაში, ამ პრინციპთა სრული დაცვით, ჩვენ ხელთ გვაქვს წიგნი, რომლიც ღირსეულად აგრძელებს იაკობის დაწყებულ გზას.” – მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა ჯერ კიდევ საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ინიციატივა ზედაპირულია და არამეცნიერულმიდგომებზეა დაფუძნებული.

მისივე თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს სახელმძღვანელოს მოსამზადებლად განსაზღვრული ვადები, კანონის პროექტის მიხედვით, კანონის მიღებიდან ორ თვეში სამინისტრომ უნდა დააკომპლექტოს ექსპერტთა კომისია და 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოს გრიფირებაზე.

„გამოდის, რომ 3 თვეში ადამიანებმა უნდა დაწერონ სახელმძღვანელო. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისადმი დამოკიდებულება და ასე უნდათ სახელმძღვანელოს შექმნა? ეს არის გაუაზრებელი და არამეცნიერული მიდგომა.

ეს პრინციპები, რომლებსაც გოგებაშვილი იყენებდა, საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამ პრინციპების ერთობლიობამ შექმნა იმ დროისთვის კარგი საშუალება წიგნიერების დონის ასამაღლებლად. გოგებაშვილი იმ დროისთვის თანამედროვე გამოცდილებას და მეთოდოლოგიას იყენებდა. ის ადამიანი მე-19 ბოლოს და მე 20 დასაწყისში იყო რეფორმატორი და რეფორმატორი ადამიანები ნიშნავს იმას, რომ იმ დროში იმ რეფორმის ადეკვატური ხარ. 

ახლა რომ ყოფილიყო გოგებაშვილი, ის გამოიყენებდა არსებულ ინტერესებს ბავშვებში, არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და ინიციატივებს, კრიტიკულ შეფასებებსაც გაითვალისწინებდა. ეს ინიციატივა ამ სამივე პრინციპს უგულვებელყოფს.

ეს ზღუდავს ყველა დანარჩენ ავტორს, რომ ახალი სახელმძღვანელო შეიქმნას. ჩვენ ვეღარ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც კარგ სახელმძღვანელოებს დაწერენ“, – ამბობდა რეზო აფხაზავა.

კომენტარები

კომენტარი