ლიტერატურა

ალექსანდრე ლორთქიფანიძე – 5 წიგნი, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე უნდა წავიკითხოთ

ფოტო: რადიო შოკოლადი

საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით, “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა, სახელწოდებით “ზღვა, მთა და ლიტერატურა”.

რუბრიკის ფარგლებშიც მწერლები და ლიტერატორები დაგვისახელებენ 5 წიგნს, რომელიც ზაფხულში უნდა წავიკითხოთ.

ამჯერად, რუბრიკის სტუმარი მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძეა:

ყოველთვის რთულია კონკრეტული წიგნების რჩევა ადამიანისთვის, მით უფრო თანამედროვე სამყაროს ბიბლიოჯუნგლებში, თუმცა შევეცდები ჩემი საზაფხულო რჩევები თქვენთვის სასარგებლო და სიგრილის მომტანი აღმოჩნდეს, მაშ ასე:

ღმერთი სამსახურშია-ის სურათის შედეგი

მოდით დავიწყოთ ქართული ლიტერატურით. სიამოვნებით გირჩევთ დათო გორგილაძის სადებიუტო კრებულს „ღმერთი სამსახურშია“. ზაფხულის ცხელ დღეებში ეს წიგნი ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს უადგილო, თუკი ზედმეტი სიცილისგან კიდევ უფრო მეტად დაგცხებათ. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს ხალასი, შესანიშნავი სიუჟეტებითა და პერსონაჟებით სავსე კრებული, თქვენთვისაც ისეთივე სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდება, როგორც ყველა დანარჩენისთვის, ვინც კი აქამდე წაიკითხა. „ღმერთი სამსახურშია“ უპირობოდ ბედნიერად გაგატარებინებთ სამსახურის მიღმა დარჩენილ დღეებს.

გავაგრძელოთ ქართული ლიტერატურით. შეიძლება ამ წიგნს ჩემი რჩევა არ სჭირდება, მაგრამ აგერ, ორიოდე წელი გავიდა და ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ამიტომ, გირჩევთ არჩილ ქიქოძის რომანს „სამხრეთული სპილო“. მით უფრო, თუ თქვენს საზაფხულო არდადეგებს თბილისში ატარებთ, ეს წიგნი გაგამხნევებთ, დაგასევდიანებთ, წარსულშიც გამოგზაურებთ, თქვენს თავშიც ჩაგახედებთ და ამ ქალაქის ყველა შრისკენაც გაგიძღვებათ, ვირგილიუსივით. არჩილ ქიქოძის ლიტერატურული ენა კი, იმედი მაქვს, თქვენთვისაც საყვარელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდება.

ორი ქალაქის ამბავი-ის სურათის შედეგი

ჩემს შემდეგ რჩევას კლასიკურ ბრიტანულ ლიტერატურასთან მივყავართ. თუ აქამდე არ მოხვედრილა თქვენს სამიზნეში, აუცილებლად წაიკითხეთ ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“. საერთოდ, დიკენსის დიდი ტრფიალი არ გახლავართ, მაგრამ ეს სხვა წიგნია, კეთილშობილების, უანგარო სიყვარულის და დიდი თავგანწირვების წიგნი, რომელიც საუკუნეების წინანდელ ლონდონსაც გაგაცნობთ და იმავე პერიოდის პარიზსაც, მოგიყვებათ ურთიერთობებზე, რომელთა მსგავსი იაშვიათად თუ ამშვენებს მსოფლიო ისტორიას.

ვუდჰაუსი-ის სურათის შედეგი

ზაფხულია. ცხელა. ძალიანაც ნუ დაიმძიმებთ თავს, თუ ზედა ორი რჩევა გაითვალისწინეთ, ახლა განტვირთვა არ გაწყენდათ, წაიკითხეთ პელემ გრენვილ ვუდჰაუზის შესანიშნავი სერია ვუსტერისა და მისი მსახურის, ჯივზის შესახებ. ნატიფი ინგლისური იუმორით გაჯერებული ამბები თქვენი სასიამოვნო განწყობისთვის უებარი წამალივით იმოქმედებს. თანაც აქ რამდენიმე წიგნზეა საუბარი, რომლებშიც ვუსტერს ერთი ერთმანეთზე უცნაური ამბები ემართება, ჯივზი კი ყოველთვის მზადაა გამოუვალი მდგომარეობიდან გამოაძვრინოს ბატონი.

ღრუბლების ატლასი-ის სურათის შედეგი

და ბოლოს, წაიკითხეთ დევიდ მიჩელის „ღრუბლების ატლასი“. შესაძლოა, ოდნავ სქელტანიანი მოგეჩვენოთ, თუმცა, დამერწმუნეთ, კითხვაში გატარებულ არცერთ წამს არ ინანებთ. სრულიად სხვადასხვა ეპოქაში მოგზაურობის პარალელურად, თქვენ გაეცნობით საოცარ ამბავს ადამიანზე, რომელიც იმდენადვე იცვლება დროის ცვალებადობასთან ერთად, რამდენადაც უცვლელი რჩება. რა არის ის, რაც წარმავალია და რა არის მუდმივი – დევიდ მიჩელი, ირიბად, მაგრამ მაინც შეეცადა ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. სცადეთ თქვენც.

კომენტარები

კომენტარი