ლიტერატურა

პროტესტის ნიშნად, ზაზა კოშკაძეს ირლანდიაში გასამგზავრებელი ბილეთის თანხას მწერლები და გამომცემლები შეუგროვებენ

მწერალ ზაზა კოშკაძეს საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიება World Science Fiction Convention-ზე გასამგზავრებელ ბილეთს კოლეგები დაუფინსებენ. ამ ფორმით ქართველი მწერლები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით გაუქმებული ორი ორგანიზაციის, საქართველოს მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საფუძველზე დაფუძნებული ლიტერატურის ეროვნული ფონდს ბოიკოტს უცხადებენ.

World Science Fiction Convention-ზე ზაზა კოშკაძის მონაწილეობა ჯერ კიდევ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის არსებობის დროს, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რის შესახებაც როგორც ზაზა კოშკაძეს ისე ფესტივალის ორგანიზატორებს ოფიციალურად ეცნობათ, თუმცა შემდეგ, ცენტრის გაუქმების გამო, ირლანდიაში გასამგზავრებელი ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ამ ორგანიზაციამ ტექნიკურად ვეღარ მოასწრო.

დღეს, ზაზა კოშკაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ბილეთის საფასურის ანაზღაურების სანაცვლოდ ახალი ფონდის დირექტორი ირმა რატიანი მას ფონდში, როგორც აღნიშნულ პროექტზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე სასაუბროდ იბარებდა. რაც მას მწერლების საერთო ბოიკოტის ფონზე მიუღებლად მიაჩნდა და მზად იყო, უარი ეთქვა ირლანდიაში გამგზავრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე ბოლო წუთს უარის თქმა მისი აზრით სერიოზულ ზიანს მიაყენებდა როგორც პირადად მისი, როგორც მწერლის, ისე ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც საერთაშორისო ლიტერატურულ ასპარეზზე.

კომენტარები

კომენტარი