ლიტერატურა

პაატა შამუგია – 5 წიგნი, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე უნდა წავიკითხოთ

საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით, “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა, სახელწოდებით “ზღვა, მთა და ლიტერატურა”.

რუბრიკის ფარგლებშიც მწერლები და ლიტერატორები დაგვისახელებენ 5 წიგნს, რომელიც ზაფხულში უნდა წავიკითხოთ.

ამჯერად, რუბრიკის სტუმარი პოეტი პაატა შამუგიაა:

ლიტერატურის სეზონებად დაყოფა არაა ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, მაგრამ რაკი სწორედ ასეთი რამ მთხოვეს, ცხელი წიგნები შევარჩიე – მძაფრი (მაგრამ ფილოსოფიური), ცხელი (მაგრამ დაღვინებული), ალაგ-ალაგ სულის შემხუთავიც კი, როგორც წესიერ ზაფხულს ეკადრება (მაგრამ არსებითად ოპტიმისტური).

ჯონათან საფრან ფოერი „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“

“უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ (ვრცელი სათაურია!) ჯონათან საფრან ფოერის (გვარ-სახელიც კარგა ვრცელია!) 700-რაღაცგვერდიანი რომანია (გადაიფიქრე წაკითხვა, ხომ ასეა?). ამ ანტირეკლამის შემდეგ ისღა დამრჩენია გავამხილო, რომ შედევრს ვეხებით – განსაკუთრებული სტილი, მოქნილი სიუჟეტი, პერსონაჟის ფსიქოლოგიური და მხატვრული მოტივაციის დამაჯერებლად წარმოჩენა, 9 წლის ინფანტილური ნერდის (სწორედ ასეთია მთხრობელი) პირით გამხელილი პოლიტიკური და ეთიკური ოპუსები.

“ამჟამად დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ბევრად აღემატება მთელი ისტორიის განმავლობაში დახოცილთა რაოდენობას. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მსოფლიოში ყველა ერთდროულად მოისურვებს “ჰამლეტის” თამაშს, მსურველთა ერთ ნაწილს მოცდა მოუწევს, რადგან თავის ქალები ყველას არ ეყოფა” – ასეთი ლოგიკური ჯაჭვის ამგებ ადამიანს ჩვენს პრიმიტიულ ყოველდღიურობაში ბევრი თანამოაზრე არ ეყოლება. რომანის მიხედვით, ასეც არის.

პირველივე გვერდებიდან როცა გავიგე პერსონაჟის სახელი ოსკარი, მივხვდი, რომ მეორე დიდ წიგნთან ექნებოდა უეჭველი კავშირი. ფოერის ოსკარი, ჩემი წარმოდგენით, გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლის“ ოსკარის არც ისე შორეული რემინისცენციაა – ორივე ოსკარი ნარატორია (ბოდიში, მთხრობელი), ორივე განსაკუთრებული შესაძლებლობისაა (ახლა რომ შშმპ-ს უწოდებენ), ორივეს ბავშვად სამუდამოდ  დარჩენის ჟინი აქვს (იხ. პეპის სინდრომი) და ორივე იღბლიანია, რაკი შედევრში ამოჰყო თავი. მოგეხსენებათ, ყველა პერსონაჟს არ უმართლებს ასე, ზოგი, მაგალითად, ლაშა ნადარეიშვილის რომელიმე ლექსში ამოჰყოფს ხოლმე თავს. 

ფრთხილად, წინ სპოილერია! 

„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“, სინამდვილეში“ 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ დაწერილი ყველაზე უცნაური რომანია, რომლის წაკითხვაც ყველაზე სეზონზეა რეკომენდებული.  და რაკი რიგგარეშე ვახსენეთ, „თუნუქის დოლიც“ აუცილებლად წასაკითხავთა სიაშია, ზაფხულშიც. 

კარლ უვე კნაუსგორი „ჩემი ბრძოლა“

ნორვეგია სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. დალაგებული ქვეყანაა, საქართველოსგან განსხვავებით. თუმცა, საქართველოს მსგავსად, ხუთ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაშიც. ნორვეგიაში დაიბადა კარლ უვე კნაუსგორი, რომელმაც ამ საქართველოსხელა ქვეყანაში გაყიდა ნახევარ მილიონზე მეტი წიგნი, ანუ ყოველ მეათენორვეგიელს „ჩემი ბრძოლა“ წაკითხული აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს 6 ტომთან, რომელიც 7-ათასამდე გვერდს მოიცავს.

როცა კნაუსგორმა ეს ლიტერატურული სიქსტეტი გამოსცა, სასამართლოში უჩივლა ყოფილმა ცოლმა, მამამ, დედამ, ბიძაშვილებმა, მეზობლებმა, ქვისლმა, ყველამ. მიზეზი მარტივია: „ჩემი ბრძოლა“ დოკუმენტური პროზაა, და სათაურიც აუცილებლად ჰიტლერთან წაგვიღებს, მაგრამ, სინამდვილეში, კნაუსგორის გამომფიტავ ყოველდღიურობასთან ბრძოლას ეხება.

და ერთიც: წიგნის გამოცემის შემდეგ, „გარდიანმა“ გადაწყვიტა, სტატია დაეწერა კნაუსგორზე და ჟურნალისტი მიავლინა ნორვეგიაში. ჟურნალისტი ცოტა არ იყოს, დაიშოკა. მისი თქმით, კნაუსგორს ახალგაზრდები ქუჩებში ისე ხვდებოდნენ, როგორც ლეგენდარულ როკჯგუფ „ბიტლზს“.

მოკლედ, ცივი ქვეყნის დოკუმენტური პროზა, წესით, მისწრება უნდა იყოს საზაფხულოდ. 

ჯორჯ ორუელი „ცხოველთა ფერმა“

ორუელს გაუმართლა – მას თვით ივანიშვილი უწევდა პროპაგანდას 2012 წელს. თუმცა, არ გაუმართლა იმაში, რომ ივანიშვილმა, ფაქტობრივად, სახელმძღვანელოდ გამოიყენა მისი წიგნი. ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთ ციტატას მოვიტან „ცხოველთა ფერმიდან“:

“ამხანაგებო! – შესჭყივლა მან, – იმედია, თქვენ არ ფიქრობთ, რომ ღორები ეგოისტები არიან და პრივილეგიებით სარგებლობენ. გვძაგს ვაშლიც და რძეც. პირადად მე ვერ ვიტან ვერც ერთს. ერთადერთი, ჯანმრთელობის გასამაგრებლად ვიღებთ ამ პროდუქტებს, რძე და ვაშლი შეიცავს ისეთ ვიტამინს (ეს მეცნიერულად არის, ამხანაგებო, დამტკიცებული), რომლებიც აბსოლუტურად აუცილებელია ღორის ჯანმრთელობისათვის. ჩვენ გონებრივ მუშაობას ვეწევით. ამ მთელი მეურნეობის მოვლა-პატრონობა და ორგანიზაცია ჩვენს მხრებზე გადადის. დღედაღამ თქვენს კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. თქვენდა სასიკეთოდ ვსვამთ რძეს. თქვენ რომ კარგად იყოთ, ამიტომ ვჭამთ ვაშლს. იცით, ამხანაგებო, რა მოხდება, თუ ვერ შევასრულებთ ჩვენზე აღებულ პასუხისმგებლობას? რა და, ჯ ო უ ნ ს ი დ ა ბ რ უ ნ დ ე ბ ა! დიახ, ჯოუნსი! იმედია ჯოუნსის დაბრუნება არავის სურს? არადა, ნამდვილად ასე იქნება, დამიჯერეთ, ამხანაგებო“, – ლამის მუდარით დაამთავრა სქუილერმა ომახიანად დაწყებული სიტყვა, თან კუდის ქიცინით ფეხიდან ფეხზე გადახტა”…

გეცნოთ, ხომ, სიტუაცია? მეტის დამატება, მგონი, საჭირო არ არის. #გახარიაწადი. 

პუბლიუს ვერგილიუს მარო „ენეიდა“

„ყველა, ვისაც არაქათი გამოეცალა და განსაცდელი აშინებს, გამოარჩიე და მათ მიწაზე ქალაქი აუგე: შენი თანხმობით, ამ ქალაქს სახელად მიეცეს აკესტა“. არა, ნამდვილად არ არის საზაფხულო საკითხავი „ენეიდა“ და საერთოდაც, მგონია, რომ არ არსებობს აუცილებლად საკითხავი წიგნების კორპუსი, მაგრამ „ენეიდას“ წაუკითხაობა ნიშნავს, რომ მსოფლიო ლიტერატურის საკვანძო წერტილს არ შეხებიხარ. 

მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი შესავალში იხსენებს მნიშვნელოვან ფაქტს: იმპერატორ ოქტავიანუსს უთქვამს, რომაელები მხოლოდ სამხედრო ამბებით რომ ვართ ცნობილნი, ეს არ კმარა, ჰუმანიტარული სიმაღლეების აღებაც გვჭირდებაო (ჭკვიანი კაცი!) და ქვეყნის მთავარი პოეტისთვის, ვერგილიუსისთვის შეუკვეთია რომაული ლიტერატურის მთავარი ტექსტის დაწერა. ასე შეიქმნა მსოფლიო კლასიკა. ასე იქცევიან გონიერი მმართველები. ოქტავიანუსის რომისგან განსხვავებით, საქართველოში წიგნის ორი მთავარი კერა – მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი გააუქმეს. 5. მარიო ვარგას ლიოსა „ცუდი გოგოს ოინები“

ყოველთვის როცა „ცუდი გოგოს ოინებს“ ახსენებენ, ჩემი საყვარელი პოეტი პაბლო ნერუდა მახსენდება. არადა, სულ მთლად ერთ აბზაცში გაიელვებს ნერუდა. არაფერ შუაშია რომანთან, უბრალოდ, 25-ე კადრივით ამოდის აკვიატებებით სავსე ნერუდას სახე. მთხრობელი კაფე “შეზ ალარდში” შემთხვევით 2 წამით თვალს მოჰკრავს პაბლო ნერუდას, რომელიც ორივე ხელში თითო კოვზით ვახშმობს. ასი წელიც რომ გავიდეს (დაახლოებით ამდენ ხანს ვაპირებ სიცოცხლეს) და მთელი ეს პირწმინდად გენიალური რომანი გადამავიწყდეს (თუმცა, რა დამავიწყებს!), ზუსტად ვიცი, რომ ორივე ხელში კოვზმომარჯვებული ნერუდა არასოდეს დამავიწყდება. არც თქვენ დაგავიწყდებათ, ასე მგონია.

კომენტარები

კომენტარი