ლიტერატურა

ოთარ ჯირკვალიშილი – 5 წიგნი, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე უნდა წავიკითხოთ

საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით, “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა, სახელწოდებით “ზღვა, მთა და ლიტერატურა”.

რუბრიკის ფარგლებშიც მწერლები და ლიტერატორები დაგვისახელებენ 5 წიგნს, რომლებიც ზაფხულში უნდა წავიკითხოთ.

ამჯერად, რუბრიკის სტუმარი პროზაიკოსი ოთარ ჯირკვალიშვილია:

metamorphosis kafka-ის სურათის შედეგი

ფრანც კაფკას “მეტამორფოზა” უნდა წავიკითხოთ აუცილებლად, ეს გენიალური მოთხრობა დაგვარწმუნებს, რომ ზოგჯერ ღრმა ეგზისტანციალურ საკითხებზეც უნდა დავფიქრდეთ, რუტინული ცხოვრება დაუშვებელია, თორემ არ არის გამორიცხული, ერთხელაც დილით თვალი გავახილოთ და აღმოვაჩინოთ, რომ რომელიღაც საშინელ მწერად გადავიქეცით…

albert camus the stranger-ის სურათის შედეგი

ალბერ კამიუს „უცხო“, რომელიც ასეთი გამაოგნებელი სიტყვებით იწყება: “დღეს დედა მომიკვდა. ან იქნებ გუშინ, არ ვიცი.” მიუხედავად იმისა, რომ ტიპს (მერსოს) ყველა და ყველაფერი ჰკიდია, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ცხოვრების აბსურდულობაზე დაწერილი ეს მცირე მოცულობის ფრანგული რომანი, რომელიც გულგრილობის ჰიმნია, თუმცა გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს.

ძმები კარამაზოვები-ის სურათის შედეგი

ფიოდორ დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვები”. ვისაც აინტერესებს სამყაროს უდიდესი მსოფლმხედველობრივი პარადიგმები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი. ამ რომანში ფილოსოფიური სიღრმითა და ექსპრესიულობით არის წარმოდგენილი ქრისტიანობის არსი, მისი ეთიკური და იდეოლოგიური ასპექტები; რელიგიისა და მორალის მიმართება; თავისუფლება და ადამიანის მისგან გათავისუფლება (პარადოქსი). მთლიანობაში ამ წიგნს სამ შეკითხვად დავყოფდი: 1.რა არის სიცოცხლის აზრი? 2.რა არის თავისუფლება? 3.”თუ ღმერთი არ არსებობს, მე რაღა შტაბს-კაპიტანი ვარ?”. ვინც ფიქრობს, რომ ამ შეკითხვებს რელევანტურობა ჩვენს დროშიც არ დაუკარგავს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს უდიდესი წიგნი, მოცულობითაც და სიღრმითაც. კარგი იქნება, ამ რომანის წაკითხვამდე „ახალი აღთქმიდან“ მათეს სახარების 4, 5, 6, 7 თავებსაც თუ წავიკითხავთ.

george orwell 1984-ის სურათის შედეგი

ჯორჯ ორუელის „1984“ – ჯერ კიდევ როდის შემოჰკრა ნიკოლაი ბერდიაევმა განგაშის ზარებს: ჩვენი უბედურება ის არის, რომ “უტოპიები შესაძლებელია”, ცხოვრება უტოპიებისკენ მიდის. როგორ ავირიდოთ თავიდან მათი საბოლოო განხორციელება?” როგორ და წავიკითხოთ დისტოპიური რომანი „1984“, წიგნი-გაფრთხილება და არ მივცეთ ხელისუფლებებს საშუალება, რომ უტოპიური იდეების განხორციელება სცადონ. რამდენჯერმე უკვე სცადეს, რამაც “უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები”…

“ფრანგი პოეტები” (გამომცემლობა „მერანი“, თბილისი, 1984). ეს წიგნი, რომელიც დიდი გემოვნებით არის შედგენილი და კონგენიალურად თარგმნილი, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ. შემდგენელი და მთარგმნელი გივი გეგეჭკორი შესავალში წერს, რომ გალაკტიონის სტრიქონებმა: “იყო შარლ ბოდლერი, მწარე და ძვირფასი, თრობის საათია, ღვინის საათია, ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე: რომელი საათია?..” აღმძრა, ეს წიგნი გამეკეთებიანაო. ამ კრებულში თქვენ შეხვდებით: გოტიეს, ბოდლერს, რემბოს, ვერლენს, პოლ ვალერს და, ჩემი აზრით, რაც ყველაზე მთავარია, გიიომ აპოლინერს (მხოლოდ ამათ არა, კიდევ ბევრ უდიდეს ფრანგ პოეტს). მოკლედ, ამ წიგნის მეშევეობით ადვილად მოვხვდებით დიდი პოეზიის სამყაროში. მადლობა გივი გეგეჭკორს და, რა თქმა უნდა, გალაკტიონს!

კომენტარები

კომენტარი