ლიტერატურა

ჟურნალი “ახალი საუნჯე” კულტურის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს და მუშაობას წყვეტს

ტექსტებისა და კონტექსტების ჟურნალი “ახალი საუნჯე” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს.

ჟურნალის რედაქტორის, შოთა იათაშვილის თქმით, მას სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ივლისიდან ჟურნალზე მწერალთა სახლის ლოგო უნდა მოეხსნა და გამოეცა ლიტერატურის ეროვნული ფონდის ქვეშ.

“დღეს უკვე დამირეკეს, და მითხრეს, რომ ივლისიდან ჟურნალზე მწერალთა სახლის ლოგო უნდა მოვხსნა და გამოვცე იმ ლიტერატურის ეროვნული ფონდის ქვეშ, რომელსაც მიზეზთა გამო ქართველმა მწერლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალი “ახალი საუნჯეც” უერთდება ამ ბოიკოტს და აცხადებს, რომ ამ ფონდის ქვეშ გამოცემაზე ის უარს აცხადებს და აჩერებს თავის მუშაობას. ” – აცხადებს შოთა იათაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის კვირის წინ მწერალთა სახლის ოფიციალურად გაუქმების თაობაზე ინფორმაცია სსიპ-ის ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი. მწერალათა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი გახდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და სსიპ “მწერალთა სახლი” ერთიანდება.

აღნიშნულ განცხადებას მწერალთა და გამომცემელთა რიგებიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან მათი აზრით, რეფორმად წოდებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, ყველაზე წარმატებული სსიპ-ების დაშლას გულისხმობს.

მიხეილ გიორგაძე აცხადებდა, რომ „კლასიკური „ფეიკნიუსია“, როდესაც საუბარია რაღაცის დაქცევასა და გაუბედურებაზე და არა იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს სამინისტროს გადაწყვეტილებას. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სსიპ-ების გაერთიანება საკადრო ოპტიმიზაციას არ გულისხმობს.

ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი მითს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მწერალთა სახლი ფუნქციონირებას განაგრძნობს.

აღნიშნულ თემაზე ცნობილია ევროკავშირის ექსპერის დასკვნაც.

კომენტარები

კომენტარი