ლიტერატურა

ლექსო დორეული – 5 წიგნი, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე უნდა წავიკითხოთ

საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით, “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა, სახელწოდებით “ზღვა, მთა და ლიტერატურა”.

რუბრიკის ფარგლებშიც მწერლები და ლიტერატორები დაგვისახელებენ 5 წიგნს, რომლებიც ზაფხულში უნდა წავიკითხოთ.

ამჯერად, რუბრიკის სტუმარი ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეულია:

იტალო კალვინოს „ჩვენი წინაპრები“

ბარონი ხეზე-ის სურათის შედეგი

ჩემი უსაყვარლესი იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს ტრილოგია „ჩვენი წინაპრები“ დიდი ხანი არ არის, რაც ქართულად ითარგმნა. ის 3 რომანისგან შედგება: „განახევრებული ვიკონტი“, „არარსებული რაინდი“ და „ბარონი ხეზე“. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული წიგნი დამოუკიდებელი ტექსტია და სიუჟეტურად ერთმანეთთან არაფერი აქვს საერთო, მათი გამოცალკევება მაინც გამიჭირდა. „ჩვენი წინაპრები“ ევროპის ისტორიის უცნაური, პაროდიული ვერსიაა. „განახევრებული ვიკონტი“ შეეხება ნეოპლატონიზმისა და ადრეული შუა საუკუნეების ძირეულ ფილოსოფიურ პრობლემას: არის თუ არა შესაძლებელი აბსოლუტური სიკეთის და აბსოლუტური ბოროტების არსებობა და კარგად გვიჩვენებს, თუ როგორ ცდილობს ადამიანი, სამყარო დაიმსგავსოს. „არარსებული რაინდი“ შუა საუკუნეებში, კარლოს დიდის პერიოდის ევროპაში გვამოგზაურებს და გვაცნობს რაინდს, რომელიც არ არსებობს, მისი ელავრე თეთრი მუზარადის შიგნით სრული სიცარიელეა, ხოლო „ბარონი ხეზე“ გვიყვება ადამიანის შესახებ, რომელიც პროტესტის ნიშნად ხეზე ავა და ცხოვრებას ისე გაატარებს, რომ მიწას ფეხს არ დააკარებს. მოკლედ, იტალო კალვინოს – სტილის ამ ნამდვილი ჯადოქრის ტექსტების თანხლებით ნამდვილად ღირს ზაფხულის გატარება.

ანატოლ ფრანსის „პინგვინთა კუნძული“

პინგვინთა კუნძული-ის სურათის შედეგი

მინდა, ცოტა არ იყოს, მივიწყებული ნობელიატი ფრანგი მწერლის, ანატოლ ფრანსის რომანი „პინგვინთა კუნძული“ გავიხსენო. როგორც ერთი ფრანგი კრიტიკოსი წერს, ფრანსს, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლებად კითხულობენ. მაგრამ ჩემთვის ის დღემდე რჩება აქტუალურ ავტორად, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ ხოლმე. „პინგვინთა კუნძული“ მოგვითხრობს მამა მაილსის შესახებ, რომელიც შემთხვევით ანტარქტიდაზე მოხვდება და პინგვინებს მონათლავს. უნდა ცხონდნენ თუ არა სიკვდილის შემდეგ პინგვინები, რომელთა მიმართაც ეს საკრალური ქრისტიანული რიტუალი შესრულდა? თუ რას ფიქრობენ ამ დილემის შესახებ ზეცაში, ამას ამ წიგნში წაიკითხავთ.

მერაბ მამარდაშვილი – „ცნობიერების ტოპოლოგია“

ცნობიერების ტიპოლოგია-ის სურათის შედეგი

უკანასკნელი 10-12 წელია, რაც არცერთ ჩემს ზაფხულს მერაბ მამარდაშვილის გარეშე არ ჩაუვლია, მისი რომელიმე წიგნი კი აუცილებლად დამაქვს ყველგან, სადაც წავალ. მამარდაშვილის ტექსტებს/ლექციებს აქვთ შეუფასებელი ძალა – გამოაღვიძონ, აამუშავონ, გამოაცოცხლონ გაზანტებული, დაღლილი და სასიცოცხლო ენერგიაგამოცლილი გონება. ვფიქრობ, დღეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც ზოგიერთი არასწორ ეპოქაში შემთხვევით დაბადებული ჯვარკომბალა ქამრებით დასდევს ადამიანებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამარდაშვილის გაგება და გააზრება.

მიშელ ბიუტორი, „დროის განრიგი“

michel butor l'emploi du temps-ის სურათის შედეგი

კმაყოფილი ვიქნები, თუ ჩვენს გამომცემლობებს ფრანგული ახალი რომანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, მიშელ ბიუტორის ტექსტების თარგმანის შესახებ დავაფიქრებ. ამიტომ, გამონაკლისის სახით, ვასახელებ წიგნს, რომელიც, იმედია, მხოლოდ ჯერჯერობით, ქართულად თარგმნილი არ არის – მიშელ ბიუტორის „დროის განრიგი“. ეს რომანი, გარკვეული გაგებით, ექსპერიმენტული ტექსტია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ლიტერატურული ცნებების, სტრუქტურების ტრადიციულ გაგებებს და ძალზე უცნაურ სიუჟეტურ გამოცდილებას სთავაზობს მკითხველს.

ჟოზე სარამაგუს „მოგონებანი მონასტერზე“

წიგნი, რომელიც, ახლახანს, ალბათ, უკვე მეათეჯერ წავიკითხე და რომელიც, ვფიქრობ, კიდევ დიდ ხანს შეინარჩუნებს ჩემი საყვარელი რომანის სტატუსს. მისი მთავარი პერსონაჟები – ბალთაზარ შვიდი მზე და ბლიმუნდა შვიდი მთვარე ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ და მძაფრად სენტიმენტალურ სიყვარულის ისტორიას ქმნიან. რომანს ფონად ადევს ბაროკოს ეპოქის გენიალური იტალიელი კომპოზიტორის, დომენიკო სკარლატის კლავესინზე შესრულებული ჰანგები და იქვე გაიცნობთ შუა საუკუნეებში გაბრიაძის „შერეკილებივით“ ცათმფრენის (პასაროლა) აგების სურვილით შეპყრობილ ბერს. ჩემი რეკომენდაცია მკითხველს – პორტუგალიელი მწერლის ამ რომანში მოგზაურობის საშუალება აუცილებლად გამოიყენეთ.

ბონუს რჩევა: ხორხე ლუის ბორხესის „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“

მსოფლიო მზაკვრობის ისტორაი-ის სურათის შედეგი

არ ვიცი, რამდენად ადეკვატურად არის თარგმნილი არგენტინელი მწერლის ამ თემატური წიგნის სათაური, მაგრამ თავად მოთხრობების ქართულ ორეულებს ვერაფერს დაუწუნებთ. ბორხესმა ამ წიგნით ბოროტების მსოფლიო გეოგრაფიული რუკა შექმნა და აჩვენა, რომ ასე ბანალურად მოსაწყენი, ერთსახოვანი და „უინტერესო“ სიკეთისაგან განსხვავებით, ბოროტება, როდესაც ის თავის ესთეტიკურად ექსტრემალურ ფორმებს აღწევს, საუკეთესო სანახაობაა. ამ წიგნში თქვენ შეხვდებით ყაჩაღებს, მკვლელებს, მატყუარებს, თაღლითებს, მეკობრეებს და დანაშაულის, ვერაგობის სრულიად სიურრეალისტურ გამოვლინებებს და დარწმუნდებით, რომ ადამაინი ყველაზე მეტად განისაზღვრება არა იმით, რასაც ის აკეთებს, არამედ იმით, რასაც არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი