კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

დუმის დეპუტატის თქმით, ნინო ქათამაძეს რუსეთში ჩასვლა უნდა აეკრძალოს

რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი პუშკოვმა განაცხადა, რომ ქართველ მომღერალს, ნინო ქათამაძეს, რუსეთში ჩასვლა საერთოდ უნდა აეკრძალოს. ეს განცხადება მან ფედერალური საბჭოს სხდომაზე გააჟღერა.

მისი თქმით, იმ ფონზე რომ ქათამაძე რუსეთში კონცერტებით ფულს გამოიმუშავებს, მისი რუსოფობიული განცხადებები ამორალური და ცინიკურია.

“ქათამაძის განცხადებები, რომელიც ამტკიცებს, რომ ვერ იტანს რუსეთს, მაგრამ აქ კონცერტებზე ჩამოდის და ფულს იღებს, არის ამორალური და ცინიკური. გთავაზობთ, რომ ქათამაძის მიმართ რუსეთში შესვლის შემაკავებელი ზომები გამოვიყენოთ” – განაცხადა ალექსეი პუშკოვმა. მისი თქმით, იგივე ზომები უნდა იქნეს მიღებული ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ, ვინც მსგავს დამოკიდებულებას გამოავლენს რუსეთის მიმართ.

პუშკოვის ამ სიტყვას დარბაზის აპლოდისმენტები მოჰყვა, სხდომის სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ კი შესაბამის ორგანოებს ამ წინადადების ფორმალიზება დაავალა.

შეგახსენებთ, რომ ნინო ქათამაძემ, საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და პარლამენტის წინ გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების პარალელურად, 22 ივნისს, მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, Усадьба Jazz-ზე იმღერა. მოგვიანებით კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

“ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემ მიმართ და ვიზიარებ თითოეულ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ, მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული. ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20 ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი. მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში” – დაწერა ქათამაძემ სოციალურ ქსელში.

ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ  “Говорит Москва”  გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ქათამაძეს რუსეთის მიმართ ბოიკოტის მიუხედავად, “კროკუს სიტი ჰოლში” 2020 წლის 27 მარტს დაგეგმილი კონცერტი არ გაუუქმებია.

კომენტარები

კომენტარი