არქიტექტურა, არქეოლოგია

აწყურის ტაძრის რეაბილიტაციისას სავარაუდოდ მე-11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში, აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, სავარაუდოდ კანკელის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელზეც ღვთისმშობლის მიძინების სცენაა გამოსახული. ფოტოები სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ნიკოლოზ ანთიძემ გაავრცელა.

ადგილობრივ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი, გიორგი გაგოშიძე აცხადებს, რომ აღმოჩენა სავარაუდოდ მე-11 საუკუნით თარიღდება.

„სავარაუდოდ, ეს არის კანკელის ფილა. ქედნის ტუფშია შესრულებული. ეს არის მწვანე ქვა, ძალიან მაღალმხატვრული ჩუქურთმითა და რელიეფური პლასტიკით. გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა. რაც ტელეფონში გადმოგზავნილი ფოტოთი ვნახე, ეს შემიძლია გითხრათ“, – ამბობს გიორგი გაგოშიძე.

მისივე თქმით, ფილის აღმოჩენა ქართული ხუროთმოძღვრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

„მსგავსი მაღალმხატვრული კანკელი იშვიათობაა. სავარაუდოდ, დიდი ოსტატის გაკეთებულია. დაახლოებით ამ ტიპის ექსპონატი აქამდე გვქონდა იყალთოსა და საფარაში. უფრო დეტალურად ადგილზე ნახვის შემდეგ გეტყვით“, – აღნიშნა გაგოშიძემ.

აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი