კინო

მერლინ მენსონს სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციაში გადაიღებენ

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მერლინ მენსონი მინი-სერიალ The Stand-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია იქნება. სერიალში მიღებულ როლზე მერლინ მენსონმა გამოცემა Revolver-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მენსონმა ისიც აღნიშნა, რომ სერიალისთვის ჯგუფ The Doors-ის ცნობილი ჰიტი, The End ჩაწერა. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა როლი ექნება მომღერალს ახალ პროექტში.

ცნობილია, რომ სერიალი ტელეარხ CBS All Access -ზე გავა და სულ 10 ეპიზოდით იქნება წარმოდგენილი.

სტივენ კინგმა აღნიშნული რომანი 1978 წელს, პოსტაპოკალიფსურ ჟანრში დაწერა. სიუჟეტის მიხედვით, კაცობრიობას საშინელი სენი იპყრობს, რის შედეგადაც, დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა იღუპება. გადარჩენილები კი ჯგუფებად იყოფიან და ერთმანეთს უპირისპირდებიან.

სერიალში მთავარ როლებს ვუპი გოლდბერგი, ჯეიმს მარსდენი და ამბერ ჰერდი შეასრულებენ. The Stand-ის პრემიერა 2020 წლისთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი