კინო

“უცნაურმა ამბებმა” Netflix-ზე ყველა რეკორდი მოხსნა

სტრიმ სერვის Netflix-ის ინფორმაციით, ფანტასტიკურმა საშინელებათა სერიალმა “უცნაური ამბები” ნახვების რეკორდი მოხსნა. პრემიერის დღიდან, 4 ივლისიდან, სერიალს 40,7 მილიონმა გამომწერმა უყურა. ამასთან, სტრიმ სერვისის 18,2 მილიონმა მომხმარებელმა უკვე მთლიანად უყურა სერიალის მესამე, ფინალურ სეზონს. ინფორმაცია ამის შესახებ Netflix-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ცნობილია, რომ Netflix-ის ნახვების ზუსტ მონაცემებზე წვდომა ძალიან რთულია, ვინაიდან სტრიმ სერვისი ამ ინფორმაციას მალავს. კომპანია Nielsen-მაც კი, რომლის საქმიანობის ერთადერთი მიმართულებაა, ყოველდღიურად შეისწავლოს სატელევიზიო მონაცემები, ვერ შეძლო Netflix-ის ნახვების ზუსტი მონაცემების დადგენა. კომპანიის ინფორმაციით, სტრიმ სერვისზე სერიალი “უცნაური ამბები” სამ დღეში, საშუალოდ, 8,8 მილიონმა ადამიანმა ნახა. Netflix-მა ამ ინფორმაციას მცდარი უწოდა, რადგან Nielsen-ს არ შეუძლია შტატების გარეთ, ყველა მოწყობილობაზე დათვალოს ნახვების რაოდენობა.

Netflix-ს კი ნახვების დათვლის უცნაური სისტემა აქვს. ის ხმების დათვლას იწყებს მაშინ, თუ სერიალის ეპიზოდს ან მთლიან ფილმს მაყურებლის 70% მაინც უყურებს. შესაბამისად, Netflix-ის მონაცემები უფრო სანდოდ უნდა ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, რომ “უცნაური ამბების” პრემიერა Netflix-ზე 4 ივლისს შედგა. როგორც იცით, ეს სერიალის მესამე, ფინალური სეზონია, რომელიც სულ 8 ეპიზოდისგან შედგება და რომელსაც მაყურებელი, თითქმის, 2 წლის განმავლობაში ელოდა.

მესამე სეზონში მოქმედება ინდიანაში მდებარე პატარა ქალაქ ჰოუკინსში გასული საუკუნის 80-იან წლებში ხდება. სერიალის გმირებს მთავარ მონსტრთან უწევთ ბრძოლა, რომელიც ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ეს ბრძოლა კი კაცობრიობის ბედს გადაწყვეტს. სერიალის მთავარი გმირები ისევ ჯგუფებად არიან დაყოფილნი, რათა უფრო ადვილად მოახერხონ ჰოუკინსის საშინელი საიდუმლოებების ამოხსნა.

კომენტარები

კომენტარი