კულტურა

თინა კანდელაკი: “ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბინძურად და ქუჩურად შეურაცხყვეს”

რუსეთში მოღვწე ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერიდან გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის შეურაცხყოფას ეხმიანება.

“ერთ-ერთი გადაცემის დასაწყისში, წამყვანი დიდი ხნის განმავლობაში ბინძურად და ქუჩურად შეურაცხყოფდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ისე როგორც ამას გაყინული რადიკალები აკეთებენ, რომლებიც საქართველოში, ყველაზე დიდი დანაშაულების უკან დგანან” – ამბობს კანდელაკი.

ჟურნალისტის თქმით, მომხდარის გამო არა მხოლოდ ტელეკომპანიამ, არამედ საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა მოიხადოს ოფიციალური ბოდიში. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს ეს ბოდიში არაფერში სჭირდება, თუმცა ეს ერთადერთი საშუალებაა, იმისთვის, რომ ქვეყანამ, რომელშიც მსგავსი გადაცემის ეთერში გაშვება შესაძლებელია, რეპუტაცია შეინარჩუნოს.

თინა კანდელაკი მომხდარს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს და არხის რეალურ მფლობელად მას კიდევ ერთხელ ასახელებს. ჟურნალისტი საქართველოს ექსპრეზიდენტს დამნაშავეს უწიდებს და ამბობს, რომ სააკაშვილისნაირი ადამიანები დგანან ყველაზე სისხლისმღვრელი ომების უკან.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, პუტინის მისამართით არაეთიკური ტექსტი რუსულ ენაზე წარმოთქვა. ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის უკმაყოფილება და გაღიზიანება მოჰყვა. ხალხის ნაწილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წინ იმ ღამითვე გამართა საპროტესო აქცია და არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თანამდებობებიდან მოხსნა მოითხოვა.

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება თვითრეგულირების ორგანომ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი