კინო

“მულანის” რიმეიქის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

კომპანიამ Walt Disney Studios იუთუბის ოფიციალურ არხზე 1998 წლის ანიმაციური ფილმის, “მულანის” რეიმეიქის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

Disney-ს ახალი, სრულმეტრაჟიანი ფილმი გვიყვება ძველი ჯარისკაცის შვილის, კეთილი გოგონას, მულანის თავგადასავალს. ფილმის შემქნელებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ ახალი “მულანი” არ იქნებოდა ანიმაციური ფილმის სრული კოპირება. მათი თქმით, ახალ ფილმი იქნება 1998 წლის ანიმაციური ფილმისა და ძველი ჩინური ლეგენდის სიუჟეტების შერწყმა.

ლეგენდის სიუჟეტის მიხედვით, ჩინეთს იპყრობენ ჰუნები, იმპერატორი სუი კი საერთო მობილიზაციას აცხადებს — ყველა ოჯახმა ჯარს უნდა შესწიროს ერთი მამაკაცი. გოგონა მულანი, თავისი მოხუცებული ჯარისკაცი მამის ნაცვლად, ფარულად მიდის ჯარში, მამაკაცად გადაცმული. მიუხედავად იმისა, რომ მისი საიდუმლო საჯარო ხდება, სწორედ მულანი თამაშობს გადამწყვეტ როლს მტრის გეგმების ჩაშლაში.

ამ გმირის შესახებ Disney-ს ანიმაციური ფილმის გარდა, გადაღებულია რამდენიმე მხატრვული ფილმი და სერიალი, მათ შორის ჩინეთისა და აშშ-ის საერთო წარმოების ფილმი, სახელწოდებით “ჰუა მულანი”.

Disney-ს ახალ ფილმში მულანის როლს ჩინელი მსახიობი ლიუ იფენი ასრულებს. მისი რეჟისორი კი ახალზელანდიელი პროდიუსერი და სცენარისტი ნიკი კაროა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 2020 წლის მარტში შედგება.

კომენტარები

კომენტარი