კულტურა

გიორგი კეკელიძე გაბუნიაზე: “ბოლო 30 წელში რუსეთთან ოთხ ომგამოვლილ ადამიანებს უქმნი პანიკის განცდას”

“მძიმე დღეებია, მრავალმხრივ მძიმე, მაგრამ უარესისთვისაც გაგვიძლია” – ასე აფასებს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

მან სოციალურ ქსელში განცხადებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დღევანდელი გამოსვლა არ მოიწონა და ის საჯაროდ გააკრიტიკა.

“პუტინის და კრემლის პილიტიკის მიზანმიმართული მოწინააღმდეგე თუ ვინმეა, მათ შორის ნამდვილად მე ვარ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში შარშან რომ აგვისტოს კედელი გავხსენით და წელს ანტისაოკუპაციო დროშები ჩამოვკიდეთ, ცხადია, გემახსოვრებათ. აი, დღევანდელი გახმაურებული სატელევიზიო პროლოგი კი არ მომეწონა. და ყოველგვარი წყევლა-ანათემის გარეშე ვეცდები ავხსნა, რატომ:

1) არის რაღაც სტანდარტი და ვულგარიზმში მტერს არ უნდა დაემსგავსო – ამიტომაც დავიწუნეთ რესტორნების მიერ რუსი ტურისტებისთვის ფასის მატება და არც ეს საფლავების გინება ეთერიდან არ მოგვეჩვენა გამოხატვის საუკეთესო ფორმად.

2) ბოლო 30 წელში სწორედ რუსეთთან ოთხ ომგამოვლილ ადამიანებს უქმნი პანიკის განცდას. ცხადია, რომ კრემლი ერთი ჟურნალისტის გამოსვლის გამო არ შემოიჭრება, მაგრამ სტრესულ გარემოში არც ამ ხალხის დაშინებაა სახარბიელო. მით უფრო, რომ ნაპერწკალზე ცეცხლის დანთებაზე მერე ბევრი ზრუნავს

3) ამ განცდის კვალდაკვალ აძლიერებ რუსეთუმეების ნარატივს ,,ომი საქართველომ დაიწყო”. ხელს უწყობ ამ მავნებლური ფრაზით მანიპულაციას და ამატებინებ სიტყვებს – “ვიწვევთ”, ,,ვაგიჟებთ” და ასე შემდეგ. ამავდროულად, ზოგიერთი ლამის პუტინის დაცვაზე გადავიდა

4) საბოლოოდ გაზარალებს შენვე და შენს გუნდელებს – უხდებათ ბოდიშის მოხდა და სხვა მრავალი.

მძიმე დღეებია, მრავალმხრივ მძიმე, მაგრამ უარესისთვისაც გაგვიძლია” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ზე, 7 ივლისის ღამის პოსტსკრიპტუმის ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს რუსულად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე ცნობილია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება, რომლის თანახმადაც მსგავსი ტიპის გამოსვლები ქვეყანაში დემოკრატიულ პრინციპებს საფრთხეს უქმნის და ღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებებს.

კომენტარები

კომენტარი