კულტურა ლიტერატურა

სირცხვილია 18.0 – ანტისაოკუპაციო აქციებს მწერლები უერთდებიან

დღეს, 7 ივლისს, პარლამენტის წინ რიგით მეთვრამეტე საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც ქართველი მწერლები შეუერთდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

“18 დღის წინ, ჩვენ შევიკრიბეთ პარლამენტთან ოკუპაციის გასაპროტესტებლად, დღეს, ჩვენს პროტესტს შემოუერთდებიან ქართველი მწერლები. 19:00-დან, საქართველოს სამსახურში გელოდებით!”- ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ღონისძიებაზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, წარდგებიან პაატა შამუგია, დიანა ამფიმიადი, ივა ფეზუაშვილი, ბექა ყორშია, გვანცა ჯობავა, ლაშა ბუღაძე და სხვები.

როგორც იცით საქართველოში, 20 ინვისიდან მოყოლებული, რუსი დეპუტატების სტუმრად ჩამოყვანის გამო პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციები იმართება. 20 ივნისს გამართულ აქციაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების შედეგად, დაშავდა 240 ადამიანი, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი თვალის სერიოზული დაზიანება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ, მოთხოვნების შესაბამისად, თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო “ქართული ოცნების” დეპუტატმა – ზაქარია ქუცნაშვილმა, პარლამენტის წინ კვლავ იმართება მშვიდობიანი აქციები, სადაც მოქალაქეები აქციის დაშლისა და მოქალაქეებზე ძალადობის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

“საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და რუსი დეპუტატების განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. საქართველოს შს მინისტრმა სამაგალითოდ დასაჯა ოკუპაციის წინააღმდეგ შეკრებილი დემონსტრანტები და თანამდებობის დატოვების ნაცვლად, აგრძელებს ზეწოლას გამოძიებაზე. შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, როგორც მხარემ, უნდა დატოვოს თანამდებობა და საშუალება მისცეს გამოძიების პროცესს ჩაიაროს წნეხის გარეშე!” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი