კულტურა

ზაზა შენგელია გიორგაძეზე: ნებისმიერი მინისტრი მისაღებია, მასზე უარესი არავინ იქნება”

დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა მიხეილ გიორგაძემ დატოვა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი „ბრავო რექორდისის“ ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ გააკეთა, რომელმაც ეს მოვლენა დადებითად შეაფასა.

„მე, როგორც მუსიკალურ ინდუსტრიაში, ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე, რომელსაც ებრძოდა გიორგაძე, ვიცი სხვა ბიზნეს მოთამაშეების აზრი და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი მინისტრი მისაღები იქნება, იმიტომ რომ ჩვენთვის მასზე უარესი არავინ იქნება“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრის დროს ზაზა შენგელიამ.

კითხვაზე მის წინააღმდეგ ბრძოლაში კონკრეტულად რა იგულისხმება, შენგელია ამბობს, რომ მერაია ქერის კონცერტი, რომელზეც მის სტუდიას ტენდერი ჰქონდა მოგებული, გიორგაძემ ჩაშალა. 

„როდესაც ბლექ სი არენას ეკონომიკის სამინისტრო კურირებდა, უკვე მოგებული ტენდერის დროს, გადმოიტანა გიორგაძემ ბლექ სი არენა თავის დაქვემდებარებაში და ჩაშალა მერაია ქერის კონცერტი, რომელიც ორჯერ და სამჯერ იაფი ჯდებოდა ვიდრე მის მიერ ჩამოყვანილი „მარონ 5“, რობი უილიამსი და ა.შ.“, – განაცხადა შენგელიამ.

სტუდია „ბრავოს“ ხელმძღვანელის თქმით, კულტურის მოღვაწეებს და სამინისტროს შორის ხიდი იყო ჩატეხილი და კომუნიკაცია არ ხდებოდა, რის გამოც კულტურის სამინისტრო 20 წლით ჩამორჩა განვითარებას. შენგელიას აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იყო, რამაც შეასუსტა კონკრეტული კულტურული სფეროები. „ერთი წლის წინ საქართველოს კულტურის სამინისტროს გაუქმება იყო უდიდესი შეცდომა და ამას დღეს ბევრი ადამიანი ხმამაღლა ამბობს“, – აღნიშნავს შენგელია.

კომენტარები

კომენტარი