საშემსრულებლო ხელოვნება

ქეთათო: “ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ამ სიმღერის გაშვება ნამდვილად ზედმეტია”

რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა ქეთათო პაპიაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გაჟღერება საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ ოკუპაციის გაპროტესტებისას ინტელექტუალური საკუთრების მიმტაცებელი არ უნდა იყო.

ამჯერად ქეთათო წერს, რომ სწორი იყო, როდესაც მომიტინგეების გადამეტებული ძალით დაშლის შემდეგ, სირცხვილიას აქციებზე ჩარკვიანის შემოქმედება ჩართეს:

“აქციების დასაწყისში, როცა მუსიკა ძალადობის საპასუხოდ გაჩენილი მუხტის ასამაღლებლად იყო გამოყენებული, როდესაც საკუთარი ღირსების დასაცავად გამოსულ ხალხს ნადირის ტყვიებით დამიზნებით უმასპინძლდებოდნენ, როდესაც არაერთი უდანაშაულო ადამიანი დაშავდა და როდესაც დაჩოქილ და ხელებაწეულ დემონსტრანტებს გადაუარეს, მაშინ სხვა რა, თუ არა “საქართველო?!” სხვა ვინ, თუ არ ირაკლი?!”

ამის მიუხედავად, მას გრძელვადიან პროტესტში ზედმეტად ეჩვენება დღეში რამდენჯერმე ჩარკვიანის “საქართველოს” აქციაზე ჩართვა. ის მიიჩნევს, რომ ასე ირაკლის სახელი გაუფასურდება:

“ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ პოლიტსივრციდან გაძევებასთან, ან მათ აღზევებასთან იყოს დაკავშირებული, პოლიტიკოსების, რომლებიც თუ შევლენ ისტორიაში, არამგონია კარგი კვალი დატოვონ და ნამდვილად არ მინდა ამ დროებით სახელებთან ეს მართალი და მრავლისმთქმელი მუსიკა ასოცირდებოდეს. ხალხს ირაკლის ხმაზე მხოლოდ მოძალადე რეჟიმები და ამ რეჟიმების მოძალადე მმართველები არ უნდა აგონდებოდეს”.

ქეთათო ამბობს, რომ პირადად იცნობს აქციების ორგანიზატორებს. ის დასძენს, რომ ანტისაოკუპაციო გამოსვლებისას არაერთხელ დაკავშირებიან და სიტყვიერი თანხმობით, უფასოდ შეთანხმებულად ირაკლი ჩარკვიანის კომპოზიციის გაშვებაზე.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ ჯერზე მისთვის თანხმობა არ უთხოვიათ, რის შემდეგაც ქეთათოს სიტყვებით, ის ერთ-ერთ ორგანიზატორს დაუკავშირდა და სთხოვა, აღარ გაეშვათ კომპოზიციები.

“რისი მოთხოვნის — არადა, მე თხოვნით მივმართე, — როგორც მორალური, აგრეთვე სამართლებრივი უფლება მაქვს. არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ გვინდა ნეგატივის კულტივირება, საკმაოდ რთული, ეკლიანი გზა გვაქვს გასავლელი მთავარ მიზნამდე. მე მჯერა, რომ – ჩვენ მოვიგებთ ომს!” — წერს მომღერალი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი