ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რატი ამაღლობელი: “ლიტერატურული პრემია “საბა” აუცილებლად ჩატარდება”

წელს „საბა“ აუცილებლად ჩატარდება, – ამის შესახებ  ლიტერატურული კონკურსის თანადამფუძნებელი რატი ამაღლობელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

მწერლის განმარტებით, მნიშვნელოვანი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო წლევანდელი „საბას“ გამოცხადება და ჩატარება სათუო გახდა, დამფუძნებლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება – წელს „საბა“ აუცილებლად ჩატარდება, ახლა და ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწერლებისათვის თავისუფალი, უკომპრომისო და არა კონიუნქტურილი პლატფორმების გადარჩენა და შენარჩუნება, მათ შორის “საბასი”. მნიშვნელოვან დეტალებს უახლეს მომავალში შეგატყობინებთ”, – წერს რატი ამაღლობელი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის თებერვალში რატი ამაღლობელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკიდან გამომდინარე, პრემია “საბა” შეიძლება აღარ გამართულიყო ან ფორმატი შეცვლილიყო.

14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა 2007-08 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის საფუძველზე. ამ ტრანზაქციას სადავოდ მიიჩნევს მთავარი პროკურატურა, თუმცა ბანკი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს; ბანკის თანახმად, ეს ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

ეროვნული ბანკის პასუხად თავდაპირველად ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას, თუმცა საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მოთხოვნიდან ერთ კვირაში, 21 თებერვალს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რომლებიც ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს წარმოადგენდნენ, განაცხადეს, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თიბისი კი სამართლებრივ დავა წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი