ვიზუალური ხელოვნება

ინტერვიუ თედო რეხვიაშვილთან: “თუ ადამიანი მოინდომებს, ყველგან შეიძლება ცოდნა მიიღოს და გაზარდოს თავი, როგორც პროფესიონალი, მაგრამ საქართველოში ეს რთულია”

28 ივნისს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები გამოვლიდნენ, რომელთა შორისაც მხატვარი თედო რეხვიაშვილი მოხვდა. იგი, ცენტრის დაფინანსებით, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში ფერწერის მიმართულებაზე განაგრძობს მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლას.

თედო რეხვიაშვილი სკოლის პარალელურად თბილისის სამხატვრო სასწავლებელ ათწლედში გრაფიკის მიმართულებით სწავლობდა. შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში, ასევე გრაფიკის მიმართულებით, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2015 წლიდან აქვს საკუთარი სტუდია, სადაც ბავშვებსა და აბიტურიენტებს ხატვას, ფერწერას, გრაფიკასა და კომპოზიციას ასწავლის. პარალელურად, 27 წლის მხატვარი სხვადასხვა პროექტებსაც ახორციელებს, მაგალითად, მცირერიცხოვან და მაღალმთიან სოფლებში სკოლებისა და შენობების მოხატვა. 

2015 წელს თედოს საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისთვის პრემია „ჟირაფი“ გადაეცა. ის რამდენიმე ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია.

ახალგაზრდმა მხატვარმა “არტნიუსთან” საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა:

პირველ რიგში, როდის დაინტერესდი ფერწერით და რამ განაპირობა ეს?

– არც კი მახსოვს სულ პირველად როდის დავიწყე ხატვა, შემდგომში კი ამას სერიოზული სახე მიეცა, როცა მშობლებმა ათწლიან სამხატვრო სასწავლებელში შემიყვანეს და ვიზუალური ხელოვნება იქცა ჩემი ცხოვრების გზად. სკოლაში პროფესიონალურ დონეზე გავდიოდი ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას და ქანდაკებას. სასწავლებლში დიპლომის დაცვის შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის მიმართულებით. თუ რატომ დავნტერესდი ფერწერით, ამაზე რაციონალური პასუხის გაცემა გამიჭირდება, ეს დიდი ხნის წინ, გულის სიღრმეში, ჩემს არსებაში მყოფი ესთეტიური განცდებისა და ვიზუალური ხელოვნების სიყვარულით იყო ნაკარნახევი.

თქვენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძეთ სწავლა,  საინტერესოა როგორ შეაფასებთ სწავლების ხარისხს, რა მოგწონდათ და რა არ მოგწონდათ იქ?

– დიახ, 2008 წელს, თავიდან ფერწერაზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ გამოცდილი ხელოვანების რჩევით, რომ აკადემიური დისციპლინა გრაფიკაზე მეტად იყო შენარჩუნებული, გადავწყვიტე ამით დამეწყო ჩემი, როგორც მხატვრის შემდეგი ეტაპი. ასე მოვხვდი დიდ პიროვნებასთან, სამხატვრო აკადემიაში ერთ-ერთ ნათელ წერტილთან, პროფესორ გოგი წერეთელთან და ვიტყვი, რომ მან მე გადამარჩინა როგორც მხატვარი. ბევრ მცდარ და უსარგებლო გზათა შორის მომაძებნინა ის გზები, რომელიც უტყუარი იყო, ემყარებოდა ცოდნას, ემოციას, აზროვნებასა და გემოვნებას. გოგი წერეთელის ხელმძღვანელობით დავიცავი ბაკალავრის დიპლომი ნამუშევრების სერიით „აღმოსავლური მოტივები- ადამიანი და სამყარო“. შემდეგ მიყოლებით განვაგრძე მაგისტრატურა და უკვე 2014  წელს გავხდი მაგისტრიც ისევ დაზგური გრაფიკის მიმართულებით.  თუ ადამიანი მოინდომებს ყველგან შეიძლება ცოდნა მიიღოს და გაზარდოს თავი, როგორც პროფესიონალი, მაგრამ თვრამეტი წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საქართველოში საჯარო სკოლა ვერ აყალიბებს იმ დონეზე, რომ იცნობდნენ საკუთარ პიროვნებებს, გაცნობიერებული ჰქონდეთ რა უნდათ, რთულია კარგად ჰქონდეთ გააზრებული ვიზუალური ხელოვნების არსი. შესაბამისად, ამ პრობლემას ემატება სამხატვრო აკადემიაში არსებული უდისციპლინობა, მოშვებულობა და სწავლების მოძველებული მეთოდები, რის გამოც სტუდენტებს უჭირთ გაყვნენ ინერციას სწავლის ბოლომდე და ჰკარგავენ ტემპს. ხშირად შევხვედრივარ განხეთქილებებს პროფესორებს შორის, მათ და ხელმძღვანელობას შორის, რაც სტუდენტებისთვის დამთრგუნველია. მახსოვს, როგორ ვწუხდით სტუდენტები, რომ გადახდილი თანხის შესაბამის ცოდნას ვერ ვიღებდით ყველა კათედრის მიმართულებით. საუბარი მაქვს ნამდვილად მოწადინებულ ახალგაზრდებზე. ამდენი წელი გადის და აკადემიაში ჩასაბარებელი გამოცდები ჯერ კიდევ გაუგებარი და ამოუხსნელი ხასიათისაა, რაც გვაძლევს იმას, რომ აბარებს ყველა, მათ შორის ისიც, ვისაც არც პროფესიული მზაობა აქვს, არც საკუთარ გადაწყვეტილებასა და არჩევანშია გათვითცნობიერებული და არც ვიზულური ხელოვნების მიმართ აქვს საკმარისი სიყვარული. ეს ყველაფერი და შიგნით დახვედრილი არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა საბოლოოდ გვაძლევს ქვეყნისთვის ზიანის მომტან შედეგებს. სასწავლებელში ასწავლიან ისინი, ვისაც ნამდვილად უყვართ სტუდენტები და ისინიც, ვინც არ უნდა ასწავლიდნენ. აკადემიაში მყოფი ბევრი კარგი პროფესორის მიუხედავდ, მთლიანი ფონის გამო კურსდამთავრებულს იშვიათად აქვს განცდა კომბინირებული ცოდნისა. ასევე არ მავიწყდება ბლოკადა, რომელიც პროფესორებმა და მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შეუქმნეს უაღრესად მოაზროვნე, პროფესიონალ და გამოცდილ გია ეძგვერაძეს რექტორობის კანდიდატურაზე. შეიძლებოდა არც გამხდარიყო ეს კაცი აკადემიის რექტორი, მაგრამ სამხატვრო აკადემიამ კარგად ჩატოვა ჩვენს მეხსიერებაში საბჭოთა რეჟიმული, შეკრული, კლანური სივრცის იმიჯი. ჩემი დიდი სურვილია, რომ თბილისის სამხატვრო აკადემია იქცეს იმ სასწავლებლად, სადაც ყველა იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ დროისა და თანამედროვე ხელოვნების მოთხოვნების ადეკვატურად საქართველოს და ქართულ კულტურას ნამდვილი ხელოვანები აღუზარდონ.

საერთოდ, აკადემიური სივრცის გარეთ, რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ ფერწერაზე, აქაც წარსული გვჯობნის?

– იცით ძნელია დროში გამყარებულ ხელოვნებას, (მაგ: ფიროსმანი, კაკაბაძე, ქიქოძე, ოცხელი, ქობულაძე, გრიგოლია)  შეადარო დღევანდელი დროის ხელოვნება, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ყოველთვის გვყავდნენ დიდი ხელოვანები და ახლაც გვყვანან. გვყვანან ძალიან ნიჭიერი თანამედროვე არტისტები, რომლთაც აქტიურად გააქვთ მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელი. ჩვენ ხომ ეს ესაა გავახილეთ თვალი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ფეხზე წამოდგომას ვცდილობთ ყველა სფეროში, საბჭოთა აზროვნებიდან თამამად და მკვეთრად გადავდივართ დასავლურ რელსებზე და შესაბამისად ინფორმაციათა, წეს-წყობილებათა ამ აურზაურში ვთვლი, რომ მაინც ვახრხებთ ხარისხიანი შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას.

საიდან შეიტყვეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის შესახებ?

– შევიტყვე სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციის მიერ 2014 წელს, როცა პირველად ვგეგმავდი ჩაბარებას ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ მაშინ გარკვეულმა გარემოებებმა ხელი შემიშალა და გეგმამაც გადაიწია.

რა ეტაპების გავლა მოგიწიათ გამარჯვებამდე და რამდენად გამჭირვალეა ეს პროცედურა?

– ვინაიდან კონკურსი ელექტრონული სახისაა, კომფორტულია და შესაძლებლობას იძლევა საზღვარგარეთიდანაც შეავსო განაცხადი, რაც ჩემს შემთხვევაში ძალიან დამეხმარა. რაც შეეხება ეტაპებს, პირველი ორი ეტაპი საბუთებისა და დოკუმენტების ატვირთვას ემსახურება, ხოლო საბოლოო ეტაპი გასაუბრებაა სადაც მე პირადად შევხვდი კომისიას და საუბარი საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა.  გამჭვირვალობას რაც შეეხება, მე არასდროს გამომიყენებია ჩემი კავშირები  ნეპოტისტური სატელეფონო ზარების სახით მიზნის მისაღწევად. ვთვლი, რომ ღირსეულად წარვადგინე ჩემი კანდიდატურა და პირადად ჩემთვის არავის დაუკარგვას ის ცოდნა, გამოცდილება და დამსახურება, რაც აქამდე დამიგროვებია. ვინც ახლოს მიცნობს ეცოდინება ახლა რაზეც ვსაუბრობ, ვინც არ მიცნობს შეუძლია გადაამოწმოს ჩემი განვლილი გზა დღემდე. მე მადლობას ვუხდი განათლების საერთაშორისო ცენტრს გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, რაც ნიუ-იორკში მეორე კურსზე სწავლაში ლომის წილით დამეხმარება.

რომელ უნივერსიტეტში და რა განხრით აგრძელებთ სწავლას, რატომ მაინც და მაინც ეს უნივერსიტეტი?

– ვაგრძელებ მეორე კურსს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში ფერწერის მიმართულების მაგისტრატურაზე. ეს სასწავლებელი ავარჩიე იმ მიზეზით, რომ გარდა გარდა მაღალი დონის აკადემიური სწავლებისა, გამოცდილი და პროფესიონალი მასწავლებლების ჯგუფისა, სასწავლებელს აქვს ხელოვნების ბაზარზე გასასვლელი მნიშვნელოვანი კავშირები, ღონისძიებები. შესაბამისად კურსდამთავრებულს არ უწევს მისი ხელოვნების რეალიზებისთვის შრომა დამოუკიდებლად, სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, რაც რთულია, არამედ სწავლის პარალელურად იძენს მარკეტინგულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებასა და კონტაქტებს.

რა მოლოდინები გაქვთ მაგისტრატურისგან?

– მოლოდინებმა უკვე გაამართლა. ვსწავლობ საინტერესო შემოქმედებით სივრცეში, სადაც დისციპლინას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. ვსწავლობ სივრცეში, სადაც პროფესორებმა ზუსტად იციან თუ რას მოითხოვს თანამედროვე ხელოვნება ფიგურატიული სკოლისაგან. ვიძენ კარგ გარემოცვას, რომელთანაც მუდმივი კავშირები გამოადგება ჩემი ქვეყნის კულტურასაც.

როგორ ფიქრობთ, რატომ ამოგარჩიეს თქვენ კონკურსანტებიდან, რა არის ეს ინდივიდუალური მახასიათებელი?

-გარდა იმ ცოდნისა და გამოცდილებისა რასაც ვფლობ, ვთვლი, რომ ჩემ შემოქმედებით წარსულთან ერთად, მაქვს აწმყოსა და მომავლის ზუსტი შეგრძნება, გამაჩნია დროისა და საზოგადოებისთვის აქტუალური მოთხოვნების აღქმა, რაც მაქცევს გარანტად, რომ ჩემი ამერიკული გამოცდილება იქნება ჩემი ქვეყნისთვის აუცილებელი ძვრების ადეკვატური. მე არ ვარსებობ, როგორც განზე მდგომი ხელოვანი, ამერიკაში ჩაბარებამდე მქონდა 15 სახის დიდ პროექტში მონაწილეობა მიღებული, მათგან 5 საკუთარი პროექტი იყო, მაქვს ნამუშევარი სახვითი ხელოვნების, კედლის მხატვრობის, ფილმის, თეატრის, წიგნის ილუსტრირების, დიზაინის, პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით.  ხუთწლიანი პედაგოგიური საქმიანობა სამხატვრო სასწავლებელში და სამხატვრო სტუდიებში. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მხარეა ცოდნის, გამოცდილების გაზიარების უნარი და ვალდებულება ახალგაზრდების მიმართ, რომლებთანაც მუდმივ კავშირზე ვარ და რომლებთანაც არაერთი საქმე მაერთიანებს.

გაგვიზიარე შენი სამომავლო გეგმები – თუ გაქვს.

– ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება საქართველოს მასშტაბით ხანგრძლივი შემოქმედებითი პროექტების და მასტერკლასების, სასწავლო პროგრამების დანერგვასა და ჩატარებას. შემდგომი გეგმა კი მეგასახელოვნებო სასწავლო სივრცის შექმნაა, რომელსაც ექნება ინტერნაციონალური ხასიათი და დაფუძნებული იქნება თანამდეროვე სწავლების პრინციპებზე.

მომავალ კონკურსანტებს რა რჩევას მისცემდით?

– ვურჩევდი რომ კარგად მოემზადონ, გაიარონ კონსულტაციები ცენტრთან და ნუ დაუშვებენ ისეთ შეცდომას დოკუმენტების მოძიება-ატვირთვისას, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება კონკურსის ელექტრონული სისტემის გამო.

კომენტარები

კომენტარი