საშემსრულებლო ხელოვნება

კრემლი ნინო ქათამაძის ბოიკოტს ეხმაურება

როგორც იცით, საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების პარალელურად, 22 ივნისს, ნინო ქათამაძემ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე – Усадьба Jazz-ზე იმღერა. მოგვიანებით მომღერალმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც აქციის მონაწილეებს სრული სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში.

“მინდა რომ იმ ახალგაზრდებს რომელიც 10 დღეა ქვეყნის სამსახურში 19:00 საათიდან იკრიბებიან ვუთხრა: არასდოს ჩემს გულში სამშობლოს ღალატი არ ყოფილა, არასოდეს რუსულად არ მიმღერია, არასოდეს სამთავრობო (რუსეთში) დაფინანსებულ კონცერტში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მიმღერია არც ერთი რუსი პოლიტიკოსის დაბადების დღეზე. ჩემი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს, განურჩევლად ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორინტაციისა! ამ პოსტით მინდა ჩემი პროტესტი გამოვხატო პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, შეუერთდე მოთხოვნას რომ გახარია უნდა გადადგეს!” – ნათქვამია პოსტში.

ცოტა ხნის წინ, ქართველი მომღერლის გადაწყვეტილებას, საქართველოში დაწყებული ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე, უარი თქვას რუსეთში კონცერტების გამართვაზე, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

“ის ძალიან ნიჭერია, თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკის თვალსაზრისით ბევრი არაფერი იცის. თუ მას რაიმე შეკითხვები ექნება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ასახსნელად და პასუხის გასაცემად” – აღნიშნა პესკოვმა.

ნინო ქათამაძის გადაწყვეტილებას რუსი სახალხო არტისტი, იგორ ბუტმანიც გამოეხმაურა. მისი თქმით არტისტები უნდა ემსახურებოდნენ მშვიდობას და ყველა ემოცია სცენაზე აჩვენონ. “თუ მთელი ეს არეულობა იმის გამო ხდება, რომ ადამიანი სხვა სკამზე დასვეს, ძალიან უცნაურია. თუ სხვა მიზეზებია, მაშინ 2008 წლის შემდეგაც აღარ უნდა ჩამოსულიყვნენ აქ ჩვენი კოლეგები” – განაცხადა მუსიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი