ბლოგი კინო

ბლოგი – რა აახლოებს ერთმანეთთან ლინგვოკულტუროლოგიასა და კინოს

კინოსა და ლინგვოკულტუროლოგიას შორის, ძალიან დიდი და საინტერესო კავშირებია. ლინგვოკულტუროლოგიას აინტერესებს ენისა და კულტურის უერთიერთმიმართება, აინტერესებს, ენობრივი ნიშნები იმდენად, რამდენადაც ისინი ასრულებენ კულტურის „ენის“ ფუნქციას და ასახავენ ამ ენის მატარებლის ეროვნულ-კულტურული მენტალობებს. თუ ლინგვოკულტუროლოგისა აინტერესებს ენა, როგორც კონკრეტული ხალხის მსოფლაღქმისა და ლინგვოკრეატიულობის მაჩვენებელი, მაშინ, ამ კუთხით, მის საკვლევ მასალაში შემოდის კინოც, ვინაიდან, კინო ინახავს კულტურულ ინფორმაციას, ეროვნულ კოლორიტს, ტრადიციებს, ასახავს ხალხის ყოფას, ზნეობას, მენტალიტეტს, ყველაფერს, რაც არსებობს ზოგადად, ადამიანისა და ამ შემთხევაში, ერთი რომელიმე ერის კოლექტიურ ცნობიერებაში. ყველაფერ ამასთან ერთად, საინტერესოა და კინოს ლინგვოკულტუროლოგიის საკვლევ ობიექტად აქცევს ისიც, რომ ცალკე არსებობს კინოს ენა.

რა აახლოებს ერთმანეთთან ლინგვოკულტუროლოგიასა და კინოს?

ლინგვოკულტუროლოგიას, ეროვნული კულტურის სპეციფიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებით აინტერესებს კულტურის კოდები, რომლებიც ადამიანის უძველეს არქეტიპულ წარმოდგენებს მიემართება. ფაქტობრივად, ისინი ამ წარმოდგენათა კოდებია. ისინი, ისევე, როგორც მეტაფორები, ყოველთვის ეროვნულადაა დეტერმინირებული. კინოშიც ასეა. კინო ენის მსგავსად ორგანიზებულ ფენომენს წარმოადგენს. უბრალოდ, ფილმი, ვიზუალური გამოსახულებით მოგვითხრობს გრძნობათა და ვითარებათა შესახებ და არა ბგერითი ენით. კინოს აღქმა კი სწორედ ფილმურ კოდებზეა დამოკიდებული, კინოში არსებული კოდებით მოდის სათქმელი ჩვენამდე. ეს კოდები, ისევე როგორც ენაში, კონოშიც უნივერსალურია, მაგრამ იმ ეროვნული კულტურითაა განპირობებული, რომელშიც იქმნება ფილმი.

კიდევ ერთი, რაც კინოსა და ლინგვოკულტუროლოგიას აახლოებს ერთმანეთთან, არის მხატვრული ასახვის ხერხები. ლინგვოკულტუროლოგიას აინტერესებს მეტაფორა, როგორც ადამიანის მიერ აღქმული სამყაროს ენობრივი გამოხატულება. ადამიანი საკუთარ ცნობიერებაში, ასოციაციაზე დაყრდნობით აინტერპრეტირებს სამყაროს სურათს და ასე ჩნდება მეტაფორაც. იგივე ხდება კინოშიც. კინო სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი მეტაფორა. მეტაფორა ზოგჯერ მოქმედების შემადგენელი ნაწილია და ფილმში განმარტებით ელემენტს წარმოადგენს. სწორედ მეტაფორას შეაქვს მაყურებლის ცნობიერებაში ის იდეა, რომელიც სცდება ფილმის მოქმედებას, არსებობს მის მიღმა და რაღაც მსოფლმხედველობას, შესაძლოა ფილმის მთავარ სათქმელსაც კი გამოხატავს. და საერთოდ, კინო შეიქმნა იქ, სადაც ადამიანს მოუნდა შეექმნა მეტყველი მხატვრული ხერხები, სადაც მოუნდა საკუთარი ფსიქიკური მოთხოვნილებებისა და იმ ყველაფრის ვიზუალური რეალიზაცია, რაც მის ცნობიერებაში, კულტურაში, მენტალიტეტში არსებობდა. ანუ კინო წარმოადგენს იმ ყველაფრის ვიზუალურ რეალიზაციას, რაც ლინგვოკულტუროლოგიის ინტერესში შემოდის. ვთქვათ, თუ მას მეტაფორა აიტერესებს, კინო მისი რეალიზაციაა. თუ მენტალიტეტისა და კულტურის მიმართება აინტერესებს, კინო მისი რეალიზაციაა. თუ ადამიანის ცნობიერებაში არსებული არქეტიპული წარმოდგენები აიტერესებს, კინოშია რეალიზებული და ა.შ.

თუმცა, რა თქმა უნდა, ფილმის ენა არ წარმოადგენს ვერბალური ენის ანალოგს. ენაში არსებულ ფონემებს კინემატოგრაფიული ანალოგი არ მოეძებნებათ. ფილმში, ნებისმიერი პატარა ელემენტი მნიშვნელობის მატარებელ მთლიანობას წარმოადგენს, ენა კი მორფემებისა და სიტყვების საშუალებით იქცევა ენად.

ქართული კინო და ლინგვოკულტუროლოგია

ქართული კინო, ზოგადად, ეროვნული და კულტურული იდენტობის ტრადიციული გაგების მანიფესტია. მასში კარგად ჩანს ნაციონალური ცნობიერებისთვის დამახასიათებელი კულტურული პარადიგმები. ქართულ კინოში თითქმის ყველაფერი ეროვნული კულტურითაა განპირობებული: იუმორი, ესთეტიკა და ვფიქრობ, აზრი და იდეაც კი. ყველაფერი მორგებულია ქართულ სინამდვილეზე და სამყაროს ხედვის ქართულ მოდელზე და ეს მას განსაკუთრებულობასა და კოლორიტულიბას ანიჭებს. ზოგჯერ ეს ტენდენცია იმდენად აშკარაა, რომ უცხო კულტურის მატარებლისთვის, შესაძლოა, გაუგებარი აღმოჩნდეს, ზოგ შემთხვევაში კი ეს მკვეთრად შესამჩნევი არაა და რეალობის ასახვის ზოგადადამიანური, უნივერსალური სურათის მიღმაა. თუმცა, როდესაც ვლაპარაკობთ, მთლიანად ეროვნული კულტურით გაჯერებულ ფილმებზე, იმას არ ვგულისხმობთ, რომ სხვა კულტურისთვის ისინი აზრს მოკლებულია, ვფიქრობ, პირიქით, ეგზოტიკურია და სხვა კულტურას ისევე აინტერესებს ჩვენი ეროვნული კოლორიტის მატარებელი კინო, როგორც ჩვენ, ვთქვათ, იაპონური ფილმების ესთეტიკა.

ქართული კინო ორიგინალურია თავისი იუმორით, თემატიკით, მრავალფეროვანი ისტორიებით, შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი ხასიათებისა და პერსონაჟებით, თავისი საოცარი მუსიკით, რომელიც, მგონია, რომ ჩვენი კინემატოგრაფიის განსაკუთრებულობის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა. ქართული კინო გამორჩეულია იმითაც, რომ მიუხედავად ეროვნულობისა და ნაციონალური კულტურის ასეთი დიდი დოზით არსებობისა მასში, სხვა კულტურის წარმომადგენელთანაც მიდის ის, რისი თქმაც სურდა რეჟისორს და მას შეუძლია სხვა კულტურის წარმომადგენელიც ააღელვოს, გააცინოს და აატიროს. ალბათ იმიტომ, რომ ქართული კინოს ფილოსოფია, სინამდვილეში ძალიან მარტივი და ზოგადადამიანურია: სიცოცხლე დიდი საჩუქარია, უნდა მოუსმინო შენს გულს, დააფასო ყველა წამი, აკეთო სიკეთე და გიყვარდეს ადამიანები.

 „ქართული კინო აბსოლუტურად უნიკალურია. ნათელი, ბრძნული და ძალიან გულწრფელი. მასში არის ყველაფერი, რაც ამატირებს. და საერთოდ, ის არაა ადვილი რამ“ – ამბობდა ფედერიკო ფელინი.

ფრაზები, როგორც ანდაზები და აფორიზმები ქართული ფილმებიდან

კინოსა და ენის მიმართებაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მათ შედარებაზე საუბრისას, საინტერესო კიდევ ერთი თემაა: ესაა ფრაზები ფილმებიდან, რომლებიც ისევე მკვიდრდება ენაში, როგორც ანდაზები, აფორიზმები, ხატოვანი გამოთქმები. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია: თუ არსებობს კინოს ენა, შესაბამისად, იმ ენის წიაღში შექმნილი ფრაზაც ისეთივე ახლობელია ხალხისთვის, როგორიც ვერბალურ ენაში შექმნილი ანდაზა. იმიტომ, რომ ორივე, ფილმის ფრაზაც და ანდაზა/აფორიზმიც, ხალხის ცნობიერებისა და მისი ეროვნულ-კულტურული მენტალიტეტის ანარეკლია. კინო კი თავის თავში სწორედ ხალხის კულტურის, ზნეობისა და ტრადიციების მატარებელია.

კინო, იმდენად, რამდენადაც ის ნაციონალური თვითშეგნების ერთ-ერთი გამოხატვის ფორმაა, არ ჩამოუვარდება ხელოვნების ისეთ დარგებს, როგორებიცაა ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, ცეკვა, პირიქით, შეიძლება ეს ყველაფერი ერთადაც კი შეკრიბოს. შესაბამისად, კინოში შექმნილი ფრაზები ისეთივე მოარულ ფრაზებად იქცევა ხოლმე ხალხში, როგორც ლიტერატურიდან მოსული გამონათქვამები, ანდაზები, ფრაზეოლოგიზმები, გამოცანები და სხვა. საქართველოში შექმნილა ისეთი ფილმებიც, რომლის თითქმის ყველა ფრაზა დამკვიდრდა ხალხში და ყოფით ცხოვრებაში, რაღაც კონკრეტული სიტუაციები ამ ფრაზის გარეშე არ ჩაივლის. ერთ-ერთი ასეთი გიორგი შენგელაის ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ მგონია. ალბათ, ყველას მოუსმენია ამ ფილმიდან ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „რადიოზე დაიყენე თმები“, „როგორც ჩემი შვილი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯო“, „ქეთოი წმინდა კერაი გაუმარჯოი“, „ეგრე არ დარჩეთ ხალხო“, „უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი“, „სიჩუმეზე გიცან“, „როცა გინდა შეიკვრება, როცა გინდა გაიხსნება“, „ცოლსაც მოგცემ და ცოლის დასაც“ და სხვები… საკმაოდ გავრცელებულია და ხალხში დამკვიდრებული ფრაზები ელდარ შენგელაიას ფილმიდან „შერეკილები“: „ხომ გითხარით გაფრინდებიანო“, „სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი“, „გალსტუკიანო პეპელა“, „ის შავი კაცი ვიღა იყო“, „აბი გლუკოზა“, „ეჰ, თამუნია, თამუნია“, „აქედან ვერ ამოშლი“, „დაუხშეთ საინფორმაციო წყარო“, „შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ“, „გევიდა გაღმა, მარილზე“, „პრასი არ გინდა გვაქვს“, „თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ“ და ა.შ

ალბათ ყველას, სკოლის მასწავლებლისგან მაინც მოუსმენია ფრაზა „მიჩურინის ვაშლი“, მაშინ როცა გაკვეთილი სათანადოდ არ სცოდნია. ეს ფრაზაც ქართული ფილმიდან გახლავთ. ესაა ლევან ხოტივარის რეჟისორობით გადაღებული ფილმი „ჭრიჭინა“, რომლის კიდევ რამდენიმე გამოთქმა მოარულ ფრაზებადაა ქცეული. მაგალითად ის, რომ „სინსილა, სინსილა უნდა გაწყვიტო კაცების“ ან გამოთქმა „შენ მოჰკალი ძერა?“.

ქართულ რეალობაში ყველას გაუგია ფრაზები: „ამას ხელი დაედება და ვიღაცას წითელი აენთება“ („გარიგება“) „შენი შემწუხებელი ჩემი შემწუხებელია, ჩემი შემწუხებელი კიდე კუკიაზე წევს“ („კუკარაჩა“), „ტყვიას ტვიაში აჯენს“ („მხიარული რომანი“). შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ეს ფრაზებიც ქართული კინოფილმებიდანაა.

„მხიარული რომანიდან“ ცნობილია აგრეთვე ფრაზა „მოხიბლული ვარ თქვენი მომკალით“ რომელსაც ხშირად, ირონიით ეუბნებიან ხოლმე ადამიანები ერთმანეთს. ეს თავად ფილმში შექმნილი სიტუაციდან გამომდინარეობს, როდესაც იპოლიტე ხვიჩიას გმირი ურეკავს მომავალ სასიძოს და სახლში ეპატიჟება. სცენა ძალიან კომიკურია, რადგან მას დები კარნახობენ სათქმელს. იპოლიტე შეცდომით გაიგებს ნაკარნახევს და სასიძოს ეტყის, რომ დიდად მოხიბლულია მისი მომკალით (ვოკალით). ცნობილია აგრეთვე ფრაზა: „კიდეც მოვწევ, კიდეც დავლევ და პენსიაზეც არ გავალ“, „აკოცა, აკოცა… კინაღამ აკოცა“ და სხვ.

ხალხში დამკვიდრებულია, აგრეთვე ფრაზა ფილმიდან „გარიგება“ „მე ხო ყველაფერი შენთვინ მინდოდა მიტო“, „ნიჭიერო, თბილისშია შენი ადგილი“.

ასეთი მოარული ფრაზები, ძირითადად, კომედიებიდან ვრცელდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისეთი დრამატული ფილმებიდანაც, მაგალითაც, როგორიცაა „ჯარისკაცის მამა“ ხალხი ხუმრობით იყენებს ისეთ ფრაზებს: როგორებიცაა „დედაშენს რა ვუთხრა ბიჭო“, „აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენა“. ამ შემთხვევაში, ფრაზას „დედაშენს რა ვუთხრა ბიჭო“ სრულიად შეცვლილი აქვს კონტექსტი. ფილმში ეს ფრაზა საკმაოდ მძიმე და შემზარავ კადრშია გაჟღერებული, როცა მამას ჯარისკაცი შვილი უკვდება, ხალხში კი სულ სხვანაირად გავრცელდა. დრამატული ფილმია, აგრეთვე, თენგიზ აბულაძის „მონანიება“ და ფილმში კომიკური სულაც არაა ფრაზა „მაინც ამოვთხრი“, თუმცა ცოცხალ მეტყველებაში კომიკური ელფერი აქვს და გაუგონარი სიჯიუტის აღსანიშნად იყენებენ ხოლმე.

საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზების სიმრავლით გამოირჩევა ფილმი „იმერული ესკიზები“. ყველას სმენია ფრაზები: „მატარებელი კარგად რომ გაჩერდება მერე ჩამოდი“, „ოლია მათხოვარი“, „80 კაპიკი და კიდო მანეთი“, „მიცვალებული ადგა“, „აბა, რა სარგებლობა მოაქვს მამალს“…

ხშირად ისეც ხდება, ადამიანის რომელიმე ტიპის აღსანიშნად, ხალხი ფილმის გმირებს დაასახელებს ხოლმე. მაგალითად, თავმოუბმელ, მორცხვ, უთქმელ ადმიანზე იტყვიან ხოლმე, ივანე კოტორაშვილიაო. ადამიანზე რომელსაც სხვისი შვილები აბარია, დეიდა ნატოაო… ეს ნამდვილად ფილმის სიუჟეტიდანმ კონტექტსიდან და პერსონაჟის ხასიათიდან მოდის.

ფილმიდან „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ ერთ-ერთი გავრცელებულ ფრაზაა: „ქიტესას ველოდები, ქიტესას“.

ამ მხრივ გამონაკლისი არაა არც „თეთრი ბაირაღები“. ცნობილია ფრაზები: „რა ჩემი საქმე იყო ასკილისა და მაყვლის წვენი“, „შენ რაღაც ძაან გრძელი ჭია გყავს“.

საინტერესოა ფილმის „ქვევრი“ ფრაზები: „ბავშვობიდან აქა ვზივარ“, „რა ტყვილა გაჭმევ პურსა“, „ქრისტე არა ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარ“…

ალბათ, ხშირად გვითქვამს ფრაზა“ცხვირი ჰგავს? ჰგავს, ე.ი ჰგავს“, „გველი გამიზრდია უბეში, გველი“, „მაგისთანა წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი, ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი“… ეს ფრაზები ცნობილი ქართული კინოფილმიდანაა, სახელწოდებით „არაჩვეულებრივი გამოფენა“.

მეტყველებაში, შესაძლოა, ისე გვიხამრია ფრაზა „გაიტანეთ გრენლანდია“ კომიკურ სიტუაციაში, ხმამაღალი, განმეორებითი მოთხოვნის ან სულაც, უაზრო კამათის გამოსახატავად, არც კი გაგვხსენებია, რომ ის „ცისფერი მთებიდან“ არის. ან თუნდაც ფრაზები: „ომამდე ტანკისტი ვიყავი“, „გივი, ჩვენ ვართ, გივი“, „საიდან შეგაქანათ ქალბატონო“, „დეფიციტში გარღვევა გვაქვს“ და მრავალი სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფილმის ფრაზები ზუსტად ისე მკვიდრდება ცოცხალ მეტყველებაში, როგორც ხალხის მიერ შექმნილი ანდაზები და გამონათქვამები. შესაძლოა, ვიღაცას სულაც არ ჰქონდეს ნანახი ფილმი, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზებისთვის აუცილებლად ექნება ყური მოკრული. საინტერესოა, აგრეთვე, ქართული ანიმაციური ფილმები: „წუნა და წრუწუნა“, „მტრობა“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „ბულბულის იუბილე“, „კომბლე“ და სხვები… ფრაზები: „ნიახური ხომ არა ხარ ამ ქვეყანაზე მეორედ მოხვიდე“, „ისაო, ესაო, შენი დიდი ხათრიცა მაქვს, მაგრამ არაო“, „მიშველე ფიცხელ, ვიღუპები“, „მარტო ვმუშაობ და რა ვიცი როდის იქნება მზათ“, „ე გოგო ჩემთვის მინდა“,“ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც წყალში დგას და ცეცხლი უკიდია“, „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, „-დედი, რა უნდა ზაქარას? – კომბოსტო შვილო“, „უფროსებს რომ ჭკუა არა აქვთ, რა ჩემი ბრალია“, „წაიყვანეს ჩემი ჭრელა“, „იუბილარს მიესალმებიან მოცეკვავე ოფოფები“ და ა.შ. სწორედ ქართული მულტფილმებიდან მოდის.

ანუკა ღონღაძე

კომენტარები

კომენტარი