ვიზუალური ხელოვნება

დემეტრე გელბახიანი: “იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან და ხელოვნებასთან”

28 ივნისს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები გამოვლიდნენ, რომელთა შორისაც ახალგაზრდა ვიზუალური არტისტი, დემეტრე გელბახიანიც დასახელდა.

დემეტრე ფერწერით ბავშვობიდანაა დაინტერესებული. მან სკოლის შემდეგ სწავლა ჯერ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით კი იგი მაგისტრატურის კურსს ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში გაივლის.

ახალგაზრდა არტისტი “არტნიუსს” საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე ესაუბრა:

პირველ რიგში, როდის დაინტერესდი ფერწერით და რატომ?

– ფერწერით და ზოგადად ვიზუალური ხელოვნებით უფრო ადრე დავინტერესდი, ვიდრე ხელოვნების, როგორც ცნების აღქმის უნარი მექნებოდა. რთულია რაიმე კონკრეტული საზღვრის გავლება, თუ რა დროიდან დავინტერესდი ფერწერით. რაც შეეხება მიზეზს, ალბათ ეს განსაზღვრულია ბევრი რაციონალური და ირაციონალური ფაქტორით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ბუნებრივი არაცნობიერი ლტოლვა, რაც ყოველთვის გამაჩნდა ვიზუალური ხელოვნების მიმართ. თუმცა, ჩემი შემოქმედება მხოლოდ ფერწერით არ შემოიფარგლება, პირიქით, ჩემთვის მიუღებელია რომელიმე მედიუმში ჩაკეტვა, რადგან არტისტი ამ შემთხვევაში ხდება დაქვემდებარებული ამ მედიუმის მიმართ, რაც აკარგვინებს მას შემოქმედებით თავისუფლებას და ნამდვილი ხელოვნებისთვის აუცილებელ გულწრფელობას.

თქვენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძეთ სწავლა,  საინტერესოა როგორ შეაფასებთ სწავლების ხარისხს საქართველოში, რა მოგწონდათ და რა არ მოგწონდათ იქ?

– დიახ, თუმცა ჯერ ვსწავლობდი თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სკოლაში,  ერთი წლის შემდეგ კი სწავლა განვაგრძე სამხატვრო აკადემიაში, რაც, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და ამავე დროს სწორი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლაც ჩემთვის საკმაოდ საინტერესო გამოცდილებაა. ამ ორი აკადემიური სივრცის პრიორიტეტები ერთანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია და ჩემი აზრით, ამ კონტრასტმა დიდი როლი ითამაშა, რომ სახელოვნებო სივრცე მეტი წახნაგიდან დამენახა და გამეაზრებინა. რაც შეეხება უშუალოდ აკადემიას, ბუნებრივია, რომ საგანმანთლებლო და ხელოვნების სივრცეები საქართველოში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან განვითარებას მოითხოვს, რაც მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ჩვენი უახლოესი ისტორიული წარსულით. თუმცა თბილისის სამხატვრო აკადემია ახერხებს შეინარჩუნოს აკადემიური სამხატვრო სკოლა, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული, არამედ ზოგადად თანამდროვე სახლოვნებო სივრცისთვის. აკადემიაში შევხვდი ბევრ საინტერესო ხელოვანს, ხელოვნებათმცოდნეს. განსაკუთრებული გამოცდილება მივიღე, მაგალითად, ოლეგ ტიმჩენკოსთან ურთიერთობით,  რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემი ხელმძღვანელი იყო ფერწერის მიმართულებით. ამ დონის აკამდემიური პერსონალი, რა თქმა უნდა, უმნიშნელოვანესი წინაპირობაა განვითარებისთვის.

საერთოდ, აკადემიური სივრცის გარეთ, რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ ფერწერაზე, გვჯობნის წარსული?

რთული სათქმელია, რამდენად თანამედროვეა თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნება. რა თქმა უნდა, არიან არტისტები, ვინც ჩვენს სივრცეშიც ქმნიან თანამედროვეობას, თუმცა, თუ ვსაუბრობთ ზოგად სურათზე, ნათელია ის, რომ ქართული ვიზუალური ხელოვნება დღემდე იკვებება მოდერნიზმით და ვერ ახერხებს თავი დააღწიოს მას. რაც თავის მხრივ, ალბათ, განპირობებულია ისევ ისტორიული წარსულით და 70 წლიანი ვაკუუმით, რამაც გამოიწვია ქართული ხელოვნების განვითარების აცდენა მსოფლიო ხელოვნების განვითარების ხაზიდან. თუმცა ყველაზე საოცარი ის არის, რომ ბევრი არტისტი ამ ვაკუუმშიც ახერხებდა იმ დროის მსოფლიოსთვის აქტუალური ვიზუალური ენის გამონახვას და იმ პერიოდისთვის თანამედროვე ხელოვნების შექმნას და ალბათ, არიან ისეთებიც, ვინც ეპოქაც დაძლიეს. ამ მასშტაბში თუ შევხედავთ, კი, დავით კაკაბაძე დღესაც გვჯობნის.

საიდან შეიტყვეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის შესახებ?

– რადიოდან.

რადიოდან?

– ვხუმრობ, რა თქმა უნდა. დიდი ხანია ვიცი ცენტრის შესახებ და ვადევნებ თალყურს მის საქმიანობას. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება ამ პროექტით, რაც ბუნებრივია, არ რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა.

რა ეტაპების გავლა მოგიწიათ გამარჯვებამდე და რამდენად გამჭირვალეა ეს პროცედურა?

– განაცხადი შევიტანე საერთაშორისო სახელოვნებო სამაგისტრო პროგრამების მიმართულებით და გავიარე შესაბამისი პროცედურა – შევავსე ელექტრონული აპლიკაცია, შემდგომ წარვადგინე დოკუმენტაცია ჩარიცხვისა და უნივერსიტეტის მხრიდან გამოყოფილი გრანტის შესახებ. ეს აპლიკაცია მოიცავს ინფორმაციას კონკურსანტის CV-ის, განათლების, რეკომენდაციების, სამოტივაციო წერილის, შემოქმედებითი პორტფოლიოს შესახებ, რომლის შეფასების შემდგომ მიმიწვიეს გასაუბრებაზე. ამ ეტაპების ჯამური შეფასების საფუძველზე მივიღე დაფინანსება სწავლისთვისა და ცხოვრებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე, მარტივი და ამავდროულად პროცედურულად საკმაოდ მკაცრად გაწერილი. აპლიკანტებს აფასებს რამდენიმე პირისგან შემდგარი კომისია, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას.

რომელ უნივერსიტეტში და რა განხრით აგრძელებთ სწავლას?

– სწავლას ვაგრძელებ ნიუ-იორკის სახელოვნებო აკადემიაში, ფერწერის სამაგისტრო პროგრამაზე.

რატომ მაინც და მაინც ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია?

– ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია ერთადერთი სასწავლებელია, სადაც სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად განაცხადი შევიტანე. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ თანამედროვე სახელოვნებო სკოლების უმრავლესობისგან განსხვავებით, ნიუ-იორკის სახელოვნებო აკადემიის პრიორიტეტი აკადემიური მხატვრობაა. საქმე ისაა, რომ ჩემი აზრით, თანამედროვე სახელოვნებო სივრცეები, მათ შორის ჩვენი, ქართული სივრცე, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ თავი დააღწიონ თავისუფლების იდეის ჩარჩოს. ეს თითქოს ოქსიმორონია, თუმცა თავისუფლება, თუ ის თვითმიზანია,  შემზღუდველ ფაქტორად იქცევა ხელოვანისთვის. ასეთ დროს იგი დაიყვანება ექსტრავაგანტულობის იდეამდე, არადა რეალური თავისუფლება, ჩემი აზრით, მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას მიღწეული, როდესაც ხელოვანი თავისუფალია შესაძლებლობებში როგორც ფორმის, ასევე შინაარსის გაგებით.

ამ შესაძლებლობას იძლევა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემია. იგი ახერხებს უახლესი ტენდენციებისა და მაღალი დონის აკადემიური სკოლის სინთეზს. რასაც ამარტივებს ის, რომ იგი ფუნქციონირებს თანამედროვე ხელოვნების გეოგრაფიულ და სოციალურ ეპიცენტრში.

მნიშვნელოვანია ის კულტურული კონტრასტიც, რომელიც არსებობს თბილისისა და ნიუ-იორკის სივრცეებს შორის. მიმაჩნია, რომ კონტრასტული კულტურების გადაკვეთა ჩემს პიროვნებასა და შემოქმედებაში საშუალებას მომცემს ეს წინააღმდეგობრიობა ხელოვნებად გარდავქმნა.

როგორ ფიქრობთ, რატომ ამოგარჩიეს თქვენ კონკურსანტებიდან, რა არის ეს ინდივიდუალური მახასიათებელი?

– არ ვიცი, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. კომისიას ჩემი მიზნები და მამოძრავებელი მოტივები გავუზიარე გულწრფელად.

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები – თუ გაქვთ.

– ვაპირებ შევქმნა სახელოვნებო სივრცე, რომელიც ქართველ არტისტებს დაეხმარება დაუკავშირდნენ მსოფლიო სახელოვნებო რიტმს და გახდნენ მისი ნაწილი. მთავარი ამოცანაა, ეს იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, მათ შორის ახალგაზრდა არტისტებისთვის. რა თქმა უნდა, ეს იქნება არაკომერციული პროექტი და მიმართული იქნება ერთადერთი მიზნისკენ – განვითარებისკენ. თუმცა, შეიძლება ითქვას, ეს არ არის სამომავლო გეგმა, რადგან დღეს უკვე ვმუშაობ კონცეფციაზე და ვცდილობ, ის იქცეს რეალობად.

მომავალ კონკურსანტებს რა რჩევას მისცემდით?

იყვნენ გულწრფელები საკუთარ თავთან და ხელოვნებასთან.

კომენტარები

კომენტარი