ლიტერატურა

მწერლები ლიტერატურის ეროვნულ ფონდს ბოიკოტს უცხადებენ

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლობები ახლად შექმნილ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს ბოიკოტს უცხადებენ.

“ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი და ხმაურიანი. მასში ჩაერთვება საერთაშორისო სამწერლო საზოგადოება. ჩვენ მოვძებნით ალტერნატიულ ხერხებს ჩვენი წიგნების დასასტამბად – ეს იქნება დროებითი ზომა, ჩვენს სრულ გამარჯვებამდე, ხსენებულ სფეროში სტატუს კვოს აღდგენამდე და სრულ სამუშაო პროცესში დაბრუნებამდე.

ესაა მწერალთა ინდივიდუალური პროტესტი. ყოველი ხელმომწერი პირადად აგებს პასუხს თავის პოზიციაზე, გმობს “მწერალთა სახლისა” და “ქართული წიგნის ეროვნული ფონდის” ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას და მხარს უჭერს ახალშექმნილი “ქართული ლიტერატურის ფონდის” ბოიკოტს”, – წერია წერილში.

მათი განცხადებით, სრულიად უგულებელყოფილია პარიზის 2021 წლის წიგნის ბაზრობისთვის მზადების საჭიროებანი. 

“ბოლო ხანებში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად მსახურებისთვის ჩვენი სფეროს ადამიანები მხოლოდ ისჯებიან. მაგრამ ქართველი მწერლები, როგორც ხელოვანი ადამიანების ერთობა, თუნდაც როგორც მის გარეთ მდგომი ცალკეული ხელოვანები, ასევე არ ვაღიარებთ ასეთი ხელისუფლების, ასეთი მინისტრების და მათი მოადგილეების მორალურ უფლებას, შეგვიცვალონ სამუშაო გარემო“, – წერია მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების წერილში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლის ოფიციალურად გაუქმების თაობაზე ინფორმაცია სსიპ-ის ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი.

მწერალათა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი გახდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და სსიპ “მწერალთა სახლი” ერთიანდება.

აღნიშნულ განცხადებას მწერალთა და გამომცემელთა რიგებიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან მათი აზრით, რეფორმად წოდებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, ყველაზე წარმატებული სსიპ-ების დაშლას გულისხმობს.

მიხეილ გიორგაძე აცხადებდა, რომ „კლასიკური „ფეიკნიუსია“, როდესაც საუბარია რაღაცის დაქცევასა და გაუბედურებაზე და არა იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს სამინისტროს გადაწყვეტილებას. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სსიპ-ების გაერთიანება საკადრო ოპტიმიზაციას არ გულისხმობს.

ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი მითს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მწერალთა სახლი ფუნქციონირებას განაგრძნობს.

აღნიშნულ თემაზე ცნობილია ევროკავშირის ექსპერის დასკვნაც.

კომენტარები

კომენტარი