კულტურა

“პუტინის ჯიბრზე ეწვიეთ საქართველოს” – CNN-ი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წერს

CNN-ი საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით: “პუტინის ჯიბრზე ეწვიეთ საქართველოს”.

როგორც იცით, საქართველოში დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. ეს, ფაქტობრივად რუსეთის მიერ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის აკრძალვაა. საქართველოსთან ფრენების სრული შეწყვეტით მიღებული სავარაუდო ზიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის წინასწარ შეფასდა დაახლოებით $250-დან $300 მილიონით, რაც ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების 8-9%-ა.

ამ მდგომარეობის ფონზე, საქართველოში ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია #იმოგზაურესაქართველოში დაიწყო, რომელსაც უამრავი ადამიანი შეუერთდა მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან. კამპანიაში აქტიურად ჩართვნენ ცნობილი ადამიანებიც, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. CNN-ის სტატიაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ კამპანიის ნაწილია, ამაზე სტატიის სათაურიც მეტყველებს.

“ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მოყვარულებო, დამსვენებლებო, ზღვის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო და ისტორიკოსებო, თუ ვინმე ეძებთ თავგადასავალს და გინდათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჯიბრზე მოიქცეთ, საქართველოს თქვენი დახმარება სჭირდება. თუ ოდესმე გიფიქრიათ შავი ზღვის პირას, თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარე ამ პატარა ქვეყნის მონახულებაზე, სწორედ ახლაა საუკეთეო დრო” – წერს CNN-ი.

“არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხართ: მოსკოვიდან, მილუოკიდან თუ მოგადიშუდან, თქვენ ახლა საქართველოს სჭირდებით. მოდით, პასუხი გავცეთ პუტინსა და მისი ბოროტ აკრძალვას. დატკბით უძველესი ისტორიის მქონე ღვინითა და ინოვაციური სამზარეულოთი. აღმოაჩინეთ ულამაზესი ქვეყანა, მომაჯადოებელი კავკასიის მთებითა და შავი ზღვის სანაპიროებით. ამით თქვენ ქართულ დემოკრატიას გაღვივებაში დაეხმარებით, წინ აღუდგებით გეოპოლიტიკურ მჩაგვრელს და ცხოვრებაში საუკეთესო დროს გაატარებთ. ისევე, როგორც 3,7 ქართველი, მეც მზად ვარ, მეგზურობა გაგიწიოთ“, – წერს სტატიის ავტორი. 

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქართველი ხალხის პროტესტი მიმართულია რუსეთის პოლიტიკისა და ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ და არა რუსი ხალხის. სტატიაში ვკითხულობთ იმის შესახებაც, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, აიკრძალოს რუსეთ-საქართველოს შორის ავიამომოსვლა, პუტინის მიერ ქართველი ხალხის დასჯაა.

“საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პუტინს უნდა დასაჯოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. დასაჯოს იმის გამო, რომ ისინი იყენებენ საკუთარ უფლებას, შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი აზრი და გადააყენონ პარლამენტის თავმჯდომარე” – ვკითხულობთ სტატიაში.

“რატომ აკეთებს რუსეთის პრეზიდენტი ამას? იმიტომ, რომ ეშინია, ანალოგიური პროტესტი რუსეთშიც არ დაიწყოს. “პუტინი ცდილობს, დაამახინჯოს რეალობა, იმისთვის, რომ დაარწმუნოს რუსი ხალხი, თითქოს დემონსტრაციები რუსოფობიულ ხასიათს ატარებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

“ქართველებს საკუთარი მიწის დაბრუნება სურთ. მათ სურთ, გაუზიარონ ის თავიანთ სტუმრებს, რადგან ისინი სამშობლოთი ამაყობენ. საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული და მწარეა. მაგრამ, დღეს, ქართველი ხალხი, გამოხატვის თავისუფლების წყალობით, ღიად საუბრობს ამის შესახებ. და ეს თავისუფლება პუტინს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე ნებისმიერი არმია” – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი