კულტურა ლიტერატურა

ძველი “ქართული” ასტრონომიული ტრაქტატი

საქართველო, არაერთ მსფოლიო მნიშვნელობის კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, თავისი სამწერლობო უძვირფასესი ნიმუშებითაცაა მდიდარი. საეკლესიო ხელნაწერების გარდა, დღემდე შემორჩენილია საერო შინაარსის ხელნაწერებიც, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა XII საუკუნის ასტრონომიული ტრაქტატი.  ხელნაწერს შესრულების მაღალი დონე ახასიათებს და მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს როგორც მხატვრული, ისე ისტორიული თვალსაზრისითაც. ეს არის საბუთი იმისა, რომ ქართველებს ასტრონომიაში კარგი განათლება ჰქონდათ. ხელნაწერში ვხვდებით ქუფურ წარწერას, მთვარის გამოსახულებას სხვადასხვა ფაზაში, მისი ამოსვლისა და ჩასვლის დიაგრამებს. მას მოჰყვება ზოდიაქოს ნიშნები და მათი დახასიათება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ტერმინოლოგია და ზოდიაქოს ნიშნები წარმოდგენილია ქართულსა და არაბულ ენებზე, ხელნაწერის ტექსტი არ არის არაბული ენიდან ნათარგმნი. ეს ხელნაწერი, როგორც აკაკი შანიძემ დაადგინა, თარიღდება ზუსტად 1188 წლით.

ეს ასტრონომიული ტრაქტატი ყველაზე ძველ ნიმუშს წარმოადგენს მსგავს ცნობილ არაბულ და ირანულ ძეგლებს შორის.  ამ ხელნაწერის რამდენიმე ილუსტრაცია მსგავსებას ამჟღავნებს ბერთუბნის კედლის მხატვრობასთან. ეს ხელნაწერი ქართველი ოსტატის მიერ უნდა იყოს შესრულებული, რომელსაც სავარაუდოდ დიდი ცოდნა ჰქონდა როგორც ქართულ ხელოვნებაში, ისე არაბულ და ირანულ კულტურაშიც.

მინიატურები შესრულებულია ფუნჯით, გრაფიკული მანერითა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ასტრონომიული ტრაქტატის მინიატურები ძალიან ჰგავს ქართულ ხელოვნების ნიმუშებს და სხვა ქვეყნების ხელოვნებასთან ანალოგი არ მოეძებნება.

კომენტარები

კომენტარი