ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

“აღადგინეთ მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” – მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

“აღადგინეთ მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი!”, – ამ მიმართვით მოქალაქეებმა პეტიცია დღეს დილით შექმნეს, რომლსი ადრესატიც საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დაატოვებინეს მწერალთა სახლის დირექტორს, ნატა ლომოურსა და წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს, დეა მეტრეველს.

“რეორგანიზაციის სახელით გაუქმდა მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი – კულტურის სამინისტროს ორი ყველაზე წარმატებული სსიპ-ი, რომლებიც თავის დროზე მწერლებთან კონსულტაციების შედეგად და მათი უშუალო ჩართულობით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით დაარსდა. (დაშლა-გაუქმებისას კი აზრი არავისთვის უკითხავთ). იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ წარმატებული მუშაობისთვის, უსამართლოდ გაათავისუფლეს ორივე ორგანიზაციის დირექტორი – ნატა ლომოური და დეა მეტრეველი.


ნატა ლომოურისა და დეა მეტრეველის წარმატებულ საქმეებს არ ჩამოვთვლით. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ – თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა; ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, რომლის წარმატების მომსწრე ყველანი ვართ; არაერთ ენაზე ნათარგმნ სამასამდე ქართულ წიგნს…


მოვითხოვთ, შეჩერდეს სახელდახელო და გაუაზრებელი რეორგანიზაცია და მიეცეთ მწერლებს, ლიტერატორებსა და გამომცემლებს საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება!


მოვითხოვთ, რეორგანიზაციის პროცესში მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნილი დირექტორების ჩართვას და მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას.


ამას გარდა, საფრთხე ექმნება თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ შედევრს – დავით სარაჯიშვილისეულ სახლს მაჩაბლის 13-ში. ნატა ლომოურს, რომელმაც ამ სახლში ჩაატარა საფუძვლიანი რესტავრაცია და სახლს დაუბრუნა პირვანდელი სახე, დღეს არ ეძლევა შესაძლებლობა დაასრულოს დავით სარაჯიშვილის მემორიალური სამუზეუმო ოთახის მოწყობა, მაშინ, როცა მუზეუმისთვის თითქმის ყველაფერი გაკეთებულია (ჩატარებულია კვლევა, დაწერილი და ნათარგმნია ტექსტები, მზადაა სარაჯიშვილის ნივთები საგამოფენოდ, დამზადებულია სტენდები და ა. შ.)

დაუშვებლად მიგვაჩნია დიდი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის მუზეუმის გაუქმება მისსავე სახლში!” – აღნიშნულია პეტიციაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლი ოფიციალურად გაუქმების თაობაზე ინფორმაცია მათი ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილიძ

მწერალათა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი გახდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და სსიპ “მწერალთა სახლი” ერთიანდება.

აღნიშნულ განცხადებას მწერალთა და გამომცემელთა რიგებიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან მათი აზრით, რეფორმად წოდებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, ყველაზე წარმატებული სსიპ-ების დაშლას გულისხმობს.

მიხეილ გიორგაძე აცხადებდა, რომ „კლასიკური „ფეიკნიუსია“, როდესაც საუბარია რაღაცის დაქცევასა და გაუბედურებაზე და არა იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს სამინისტროს გადაწყვეტილებას. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სსიპ-ების გაერთიანება საკადრო ოპტიმიზაციას არ გულისხმობს.

ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი მითს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მწერალთა სახლი ფუნქციონირებას განაგრძნობს.

აღნიშნულ თემაზე ცნობილია ევროკავშირის ექსპერის დასკვნაც.

კომენტარები

კომენტარი