შემოქმედებითი ინდუსტრიები

ირმა რატიანი: „ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა მითი, რომ მწერალთა სახლი უქმდება“

” მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით“ – აცხადებს „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორი ირმა რატიანი და გაუგებარს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მწერლის სახლი უქმდება.

მისი თქმით, მწერალთა სახლი არათუ უქმდება, არამედ ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.

„ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ მწერალთა სახლი უქმდება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მწერალთა სახლი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბრენდია, არათუ უქმდება, არამედ მწერალთა სახლში ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.

მწერალთა სახლს, თავისი ისტორიიდან გამომდინარე, ვერავინ შეუცვლის სახელს, ამიტომ, მეგობრებო, მინდა ყველა დაგამშვოდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერალთა სახლი. „მწერლის სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა და კიდევ განვმარტავთ, – სიცრუეა ინფორმაცია, რომ მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა, ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი. ახალი, გაერთიანებული და გაძლიერებული ლიტერატურის ეროვნული ფონდი სწორედ მწერლების სამსახურში იქნება „მწერალთა სახლში“! ფონდის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში. ის აერთიანებს ყველა იმ აქტივობას და ფუნქციას, რაც აქამდე ეკისრებოდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს, მწერლის სახლს და სამინისტროს ქართული წიგნის და ლიტერატურის პროგრამების სამსახურს, თუმცა, ფონდის მისია კიდევ უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება.

ასე რომ, გაერთიანების შემდეგ ლიტერატურის ფონდი, უკვე არსებული და დამატებული ფუნქციებით, სწორედ მწერალთა სახლში დაიწყებს თავის ფუნქციონირებას. ორივე სსიპ-ის თანამშრომლები აქტიურად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, მათი რესურსი ბოლომდე იქნება გამოყენებული. მე შევხვდები თითოეულ მწერალს, ამ სფეროს წარმომადგენლებს, რათა გავაცნო ფონდის სამომავლო გეგმები, მოვისმინო მათი წინადადებები და ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ ეროვნულ საქმეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ქართულ ლიტერატურაზე, მის პოპულარიზაციაზე საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებაზე!“ – აცხადებს ირმა რატიანი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლი ოფიციალურად გაუქმდა. მწერალათა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი გახდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და სსიპ “მწერალთა სახლი” ერთიანდება.

აღნიშნულ განცხადებას მწერალთა და გამომცემელთა რიგებიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან მათი აზრით, რეფორმად წოდებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, ყველაზე წარმატებული სსიპ-ების დაშლას გულისხმობს.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, „კლასიკური „ფეიკნიუსია“, როდესაც საუბარია რაღაცის დაქცევასა და გაუბედურებაზე და არა იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს სამინისტროს გადაწყვეტილებას. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სსიპ-ების გაერთიანება საკადრო ოპტიმიზაციას არ გულისხმობს.

აღნიშნულ თემაზე ცნობილია ევროკავშირის ექსპერის დასკვნაც.

კომენტარები

კომენტარი