ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ლევან სონღულაშვილი უცხოელ სტუმრებს უფასო მასტერკლასებს სთავაზობს

ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ლევან სონღულაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად უცხოელ სტუმრებს უფასო მასტერკლასებს სთავაზობს.

მასტერკლასები შემოდგომაზე თბილისის ცენტრში, მის ახლაშეძენილ სტუდია-სახელოსნოში გაიმართება, სადაც მოეწყობა სტუდიო ვიზიტები.

“გადავწყვიტე, წელს შემოდგომა საქართველოში გავატარო რა პერიოდშიც უცხოელ ვიზიტორებს, რომლებიც ხელოვნებით არიან დაინტერესებულნი, ვთავაზობ უფასო მასტერკლასებს (თეორია & პრაქტიკა), იმავდროულად, მოვიწვევ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ, ქართველ ინტელექტუალებს, რომელთანაც დისკუსია შედგება. დარწმუნებული ვარ, მათთვის ეს საინტერესო გამოცდილება და თავგადასავალი იქნება ვიზუალური ხელოვნების სამყაროში; მათი კავშირი და წარმოდგენა საქართველოზე მეტად ამაღლდება, ხოლო კულტურული ამინდისა და ტურიზმის ხელშესაწყობად ჩემ წვლილს შევიტან.” – ამბობს ლევანი.

ხელოვანი “არტნიუსთან” საუბრისას შენიშნავს, რომ მოახლოებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააერთიანა და ტურიზმის განვითარების მიზნით მრავალი იმედისმომცემი კამპანია დაიწყო.

“კრიზისთან ბრძოლა გამოსავლის პოვნასაც გულისხმობს. მოახლოებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააერთიანა და ტურიზმის განვითარების მიზნით მრავალი იმედისმომცემი კამპანია დაიწყო, რომლის ადრესატიც დასავლეთია. თავადაც, მხარდაჭერის მიზნით ბევრ უცხოელ კოლეგას თუ მოგზაურს შევეხმიანე, რაც ჯაჭვური რეაქციით გადაეცათ მათ მეგობრებს. ამ საქმეში სოციალური ქსელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დასავლელი მეგობრებისგან დიდი მხარდაჭერაა, რომლისგანაც პოზიტიურ შედეგს ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.” – განაცხადა მან.

სონღულაშვილი, სამომავლოდ, უცხოელი ხელოვანებისთვის არტ რეზიდენციის შექმნას გეგმავს, რომლებიც იმავე სივრცეში იცხოვრებენ, გაეცნობიან ქართულ კულტურას, შექმნიან ნამუშევრებს, გაიმართება ექსპოზიციები და შედგება კულტურულ-საგანმანათლებლო დიალოგი ადგილობრივ სოციუმთან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში პირდაპირი რეისით ფრენა დროებით აკრძალა, რაც მიზნად ისახავს ქვვეყნისთვის ეკონომიკურად დაზარალებასა და შეფერხებას. ამის საპირისპიროდ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. სულ ახლახან ქსელში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით “Spend Your Summer in Georgia” (“გაატარე შენი ზაფხული საქართველოში”), რომელშიც უკვე 200 ათასამდე ფეისბუქმომხარებელი გაწევრიანდა.

კომენტარები

კომენტარი